ახალი ამბები

მარტის აქციების მონაწილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც აშშ-ში პროტესტის ნიშნად არ წავიდა

მარტის აქციების მონაწილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც აშშ-ში პროტესტის ნიშნად არ წავიდა

რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართულ აქციებზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, თუმცა რომეო ტყეშელაშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვას აგრძელებს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ რომეო ტყეშელაშვილი სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრია, რასაც მათი თქმით ადასტურებს ის ფაქტი, რომ ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებმაც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადეს:

„სასამართლო კლანმა გადაწყვიტა რუსულ კანონთან მებრძოლ თორნიკე აკოფაშვილს წაართვას სამართლიანი სასამართლო. დღეს სასამართლო პროცესზე დაინიშნა კლანის წევრი, რომლის განცხადებები შეესაბამება კლანის სიტყვებს. მან ერთხელ უკვე შეასრულა კლანის დავალება და არ წავიდა ამერიკაში სასწავლო ვიზიტით. დღეს მას მისცეს მეორე დავალება რომ რუსულ კანონთან მებრძოლ თორნიკე აკოფაშვილს წაართვას სამართალი და შეეცადოს წაართვას თავისუფლება. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვენდობით ამ მოსამართლეს,“ — აცხადებდნენ აკოფაშვილის ადვოკატები.

მოგვიანებით, მედიასთან განცხადება თორნიკე აკოფაშვილმაც გააკეთა, რომლის სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს. აკოფაშვილი აცხადებს, რომ აცილებაზე მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა:

„მოსამართლემ დაადასტურა პირდაპირ, რომ არის კლანის წევრი და მათთან ერთად ჩვეულებრივად ვიქეიფებ კი არა, ჩემი თავი შემოევლოთო. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა აცილების განცხადება წარდგენილი, რაზეც უარი თქვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იმედები იმაზე ცოტა რჩება ვიდრე წარმოგვიდგენია. ის 4 და 7 წელი არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი სამშობლოს გვერდით და არ ვასრულებთ მათგან განსხვავებით ვიღაცის დაკვეთას,“ — ამბობს თორნიკე აკოფაშვილი.

თორნიკე აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სისხლის სამართლის ეს მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოიხსნა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.