ახალი ამბები

ჟურნალისტიკა ომის ფონზე — ინტერვიუ Kyiv Independet-ის თანადამფუძნებელთან

ჟურნალისტიკა ომის ფონზე — ინტერვიუ Kyiv Independet-ის თანადამფუძნებელთან

ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ის ფარგლებში საქართველოს უკრაინული გამოცემის Kyiv Independet-ის თანადამფუძნებელი და საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ანნა მირონიუკი ესტუმრა. მან ფესტივალის სტუმრებთან შეხვედრა დღეს, 9 ივნისს გამართა, სადაც ისაუბრა Kyiv Independent-ის გამოწვევებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ომის პირობებში.

მირონიუკმა შეხვედრაზე გაიხსენა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში, ის და მისი კოლეგები თავშესაფრიდან აგრძელებდნენ მუშაობას, პარალელურად კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დახმარებას ცდილობდნენ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებიც მანამდე უკრაინის სახელისუფლებო უწყებებსა და ყველა მნიშვნელოვან თემას კრიტიკულად აშუქებდნენ, რამდენიმე თვით მუშაობის სტილის შეცვლა მოუწიათ, თუმცა როგორც მირონიუკი იხსენებს, გასული წლის სექტემბრიდან ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ჟურნალისტები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და როგორ დაუბრუნდა მედია კრიტიკულ გაშუქებას, ამის შესახებ ანნა მირონიუკმა შეხვედრის შემდეგ უფრო ვრცლად “ნეტგაზეთთან” ინტერვიუშიც ისაუბრა.

როგორც საუბრისას აღნიშნეთ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თქვენ და თქვენი კოლეგები მუშაობას თავშესაფრიდან აგრძელებდით, თუმცა ამის მიუხედავად, აქტიურად აშუქებდით მიმდინარე მოვლენებს…

ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ერთი მხრივ უნდა გაგვეშუქებინა თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, მეორე მხრივ კი საკუთარ თავსა და უსაფრთხოებაზე უნდა გვეფიქრა, ხოლო ამის პარალელურად ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზეც უნდა გვეზრუნა.

ჩემს შემთხვევაში, დედაჩემი პირველ დღეებში ოკუპირებულ ბუჩაში იყო და ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის. თან უნდა მემუშავა, დამეწერა ამბები ბუჩის ოკუპაციის შესახებ, როგორ ხოცავდნენ რუსი სამხედროები ხალხს ბუჩაში და ამ დროს ვიცოდი, რომ დედაჩემი იქ სადღაც, სარდაფში იმალებოდა ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე…

თუმცა მაინც აგრძელებდით მუშაობას. რთული იყო საკუთარ თავში ამ ძალის პოვნა თუ ეს უფრო ინსტინქტური პროცესი იყო?

უფრო ინსტინქტი იყო. სამწუხაროდ, ვერ მოგიყვებით ლამაზ ისტორიებს იმის შესახებ, როგორ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ გაგვეგრძელებინა სამყაროსთან ბრძოლა. ვფიქრობ, ეს უფრო ინსტინქტი იყო.

10 წელზე მეტია, ჟურნალისტი ვარ. აბათ ჩემი ბუნებრივი რეაქცია იყო, რომ გამეშუქებინა ის, რაც ხდებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, იმ მომენტში უფრო მოტივირებული ვიყავი, ვიდრე ოდესმე.

ვფიქრობდი იმაზე, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის გაქრობას ცდილობდა და ამას ვერ მიიღებდა. მე ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რაც ჩემს ხელთ იყო, როგორც ჟურნალისტს და გამეშუქებინა რაც ხდებოდა, დამეწერა ნამდვილი ამბები.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დედაჩემი ამ დროს ბუჩაში იყო, რა თქმა უნდა ძალიან დიდ დროს ვატარებდი ტელეფონთან, ვცდილობდი მომეძებნა გზები, გამერკვია, როდის იქნებოდა მწვანე დერეფნები ბუჩიდან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ასევე ვცდილობდი დედაჩემთან დაკავშირებას, რადგან ტელეფონი არ იჭერდა, ვიცოდი, რომ საკვები უთავდებოდათ, არ ჰქონდათ საწვავი, რომ გამთბარიყვნენ გენერატორი აენთოთ… სარდაფში ისხდნენ, არ ჰქონდათ ელექტრობა, არ იყო სიგნალი და წყალიც უთავდებოდათ.

მე ეს ყველაფერი ვიცოდი და ძალიან რთული იყო მუშაობის გაგრძელება ამის ფონზე, მაგრამ მიწევდა, რომ გამეყინა ჩემი ემოციები, თითქოს ეს იყო ერთგვარი გადარჩენის რეჟიმი. ერთადერთი, რისი უფლებაც შეიძლებოდა მიმეცა ჩემი თავისთვის მენტალურად, ეს იყო რაციონალური ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ გამომეყვანა დედაჩემი ბუჩიდან და როგორ გამეშუქებინა მიმდინარე ამბები. მხოლოდ ეს ორი შეკითხვა მიტრიალებდა თავში, მეტი არაფერი.

არ მქონდა ემოციურობის ფუფუნება, უბრალოდ, უნდა მომეკრიბა მთელი ჩემი ენერგია და გადამენაწილებინა ამ ორი დავალების შესრულებაზე.

ომის ფონზე თქვენ, როგორც ჟურნალისტს, მოგეთხოვებოდათ ასევე, რომ დარჩენილიყავით მიუკერძოებლად, რაც ალბათ ძალიან რთულია. თუმცა როგორც თქვით, Kyiv Independent-მა ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა კრიტიკულად უკრაინის ჯარში მიმდინარე ამბები, რომელიც ეხებოდა უცხოური ლეგიონის ჯარისკაცების მიმართ არასათანადო მოპყრობას. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში საგამოძიებო ჟურნალისტიკამ ფაქტობრივად გასული წლის სექტემბერში დაიწყო ხელახლა მუშაობა.

Kyiv independet-ის გუნდს გვჯერა, რომ ჟურნალისტების საქმე არა უკრაინის რეპუტაციის გათეთრება, არამედ ისე წარმოჩენაა, როგორც რეალურად არის, რათა იმ ძალაუფლების სადავეებთან მყოფები წავაქეზოთ, რომ გამოასწორონ პრობლემები.

რა გამოხმაურება მოჰყვა სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თქვენს პირველ კრიტიკულ საგამოძიებო სტატიას საზოგადოების მხრიდან? ამას ხომ არ მოჰყვა ხალხის გაღიზიანება?

რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული კომენტარები, რასაც ვხედავდით სოციალურ ქსელებში, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს არაპროპორციულია იმასთან შედარებით, რა დადებითი გამოხმაურებაც მივიღეთ საზოგადოებისგან. ბევრმა ადამიანმა შეაქო ჩვენი გამბედაობა, როდესაც კრიტიკულად გავაშუქეთ ომის ამბები.

სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი და უფრო კრიტიკული გამოხმაურების მოლოდინი მქონდა საზოგადოების მხრიდან.

ადამიანები ხედავენ, რომ რეალურად საუკეთესო გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამისთვის ვაკრიტიკებთ, რადგან მჯერა, რომ ეს სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კრიტიკულობით ეხმარები, ხელის დაფარებით კი არა.

შეხვედრაზე თქვენ ახსენეთ, რომ პრეზიდენტის ოფისი მედიასთან ნაკლებად თანამშრომლობს, იგივე შეგიძლიათ თქვათ სხვა სახელმწიფო უწყებებზეც?

დიახ, პრეზიდენტის ოფისი ჟურნალისტებს არ პასუხობს და ვფიქრობ, ბევრი უკრაინული მედიის წარმომადგენელი დამეთანხმება ამაში. თუმცა დანარჩენი უწყებების შემთხვევაში, ეს დამოკიდებულია უშუალოდ უწყებაზე.

ზოგი მათგანი ძალიან კარგად თანამშრომლობს მედიასთან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არ თანამშრომლობენ.

და ბოლოს გკითხავთ, მოჰყვება თუ არა თქვენს კრიტიკულ საგამოძიებო მასალებს შედეგი ომის მიმდინარეობის პარალელურად?

იყო ამბები, რომლის გაშუქებასაც შედეგი მოჰყვა, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთ ამბავს არავითარი ცვლილება არ მოჰყოლია და იმ ადამიანებს, ვინც საერთაშორისო დონეზე არიან ჩართულები დანაშაულებში, არ დაუტოვებიათ თანამდებობები.

ეს არის, რაც იმედს მიცრუებს და ვცდილობ, რომ ვიპოვო გზები, როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შენ როგორც ჟურნალისტს შეგიძლია ქნა ყველაფერი, რაც შენს ხელთაა, რომ ცვლილება გამოიწვიო, მაგრამ ამბის გაშუქების შემდეგ ბურთი კანონის აღმსრულებლების, არმიისა, სამხედრო ინტელიგენციის და იმ ადამიანების მხარესაა, ვისაც აქვს ცვლილების ძალაუფლება.

ჩემი, როგორც ჟურნალისტის საქმე იყო, რომ მიმეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის, ახლა მათი დროა, იმოქმედონ შესაბამისად.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.