მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს — ხელფასები 11.9%-ით გაიზრდება
ჭიათურელმა მაღაროელებმა თბილისში საპროტესტო აქცია და შიმშილობა შეწყვიტეს.
აღნიშნულს წინ უძღოდა მოლაპარაკებები „ჯორჯიან მანგანეზთან“, რომელშიც მედიატორის სახით ჩართული იყო სახელმწიფო.
„იმის გათვალისწინებით, რომ 19 დღეა ვაპროტესტებთ და 13 დღეა, ჩვენი მეგობრები შიმშილობენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავთანხმდეთ ხელფასების 11.9%-იან ზრდას, ინფლაციის გათვალისწინებით.
ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის მთავარი არ იყო მხოლოდ ხელფასის საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დანარჩენი 13 საკითხი, რომელიც ხვალიდან არის შესასრულებელი კონკრეტულ ვადებში.
თუ 2019 წლის მოვლენები განმეორდება და მოგვატყუებენ, ან ეცდებიან, დროში გაწელონ საკითხი, ჩვენ ისევ დაგვჭირდება თქვენი გვერდით დგომა. თუმცა სანამ თქვენამდე მოვალთ, მანამდე პასუხს მოვთოვთ მათ, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე“, — განაცხადა პარლამენტთან გამართულ ბოლო აქციაზე მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებაზე განცხადება დღეს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.
როგორც სამინისტრო აცხადებს, ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა.
„რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1
ივლისიდან გასაცემი ხელფასი, ჯამში, 12-%მდე გაიზრდება“, — აცხადებს სამინისტრო.
მაღაროელებს სულ 14 მოთხოვნა ჰქონდათ, ეს იყო:
- ხელფასის 40%-იანი მატება;
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
- მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
- მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
- მოხდეს ულუფის გაუმჯობესება;
- დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
- ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
- ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
- გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
- გაუქმდეს ყველა შპს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
- კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან; ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.