ახალი ამბები

ნატო-ს კომუნიკეში უკრაინასა და საქართველოზე ჩანაწერები ხარისხობრივად არ განსხვავდება – კობახიძე

ნატო-ს კომუნიკეში უკრაინასა და საქართველოზე ჩანაწერები ხარისხობრივად არ განსხვავდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში უკრაინასა და საქართველოს შესახებ ჩანაწერებს შორის „ხარისხობრივი“ განსხვავება არაა.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ყველაფერი არის ისევ აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული და დღესაც არავინ იცის, როგორ და როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი და ანალოგიური ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაშიც.

როგორც კობახიძე ამბობს, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ტექსტი მოლოდინს შეესაბამება.

„რაოდენობრივად, დოკუმენტში ტექსტი მეტია მოცემული უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად, რეალურად, არავითარი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც არის, შეიძლება ასე დავარქვათ, რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, ამ კომუნიკეში კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული. რუსეთთან დაკავშირებით პირდაპირ წერია, რომ მაგალითად, ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, რომ პარტნიორული ურთიერთობები ვერ იქნება უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს და ა.შ. ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება საქართველოს შესახებ ჩანაწერს, ძალაში დარჩა ის დაპირება, რომელიც თავის დროზე ჩაიდო ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ და იგივე ეხება უკრაინასაც“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მეტ-ნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის იმის თქმა თუ როდის გახდება უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრი, რადგან ეს „წმინდა პოლიტიკური საკითხია“.

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ჩაიწერა, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობისთვის სამოქმედო გეგმის(MAP) საჭიროებას.

რაც შეეხება საქართველოს, კომუნიკეში წერია, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება ძალაში რჩება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.