“უპასუხისმგებლო” – აშშ მედვედევის ბირთვულ იარაღზე მუქარის შესახებ
თეთრი სახლი დიმიტრი მედვედევის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე “უგუნურ” და “უპასუხისმგებლო” განცხადებას უწოდებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა 31 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ:
” წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელმა ბანდიტებმა ნატოს მხარდაჭერით წარმატებას მიაღწიონ და ჩვენი მიწის ნაწილი მიიტაცონ. მაშინ ჩვენ მოგვიწევს ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე”, – წერს მედვედევი ტელეგრამის არხზე.
”სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იქნება”, – დასძინა მან.
ეს არ არის მედვედევის ერთადერთი მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. „თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის, ბირთვული იარაღით“, – განაცხადა მედვედევმა 2023 წლის თებერვალში.
თეთრი სახლი 31 ივლისსავე გამოეხმაურა მედვედევის განცხადებას და მას უგუნური უწოდა.
„ატომური იარაღის გამოყენება უკრაინაში, ან სადმე სხვაგან დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვისაც“, – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა. მის კომენტარს სი ენ ენი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, აშშ აგრძელებს მონიტორინგს ამ მიმართებით, თუმცა რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, არ ჩანს.