ივანიშვილი იანუკოვიჩის სცენარს ათამაშებს, ოღონდ პირიქით – არახამია
საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით”, – აცხადებს დავით არახამია, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, რაკიღა “ქართულ ოცნებაში” ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე.
“ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს. სავსებით ცხადია, რომ “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს”, – წერს არახამია.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებში იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. შარლ მიშელთან შეხვედრამდე ზურაბიშვილი იმყოფებოდა ბერლინში, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.
ზურაბიშვილის გამგზავრება არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებაში“ ეს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.