მაგალითი არ მოიძებნება EU-ს ქვეყნებში, სადაც მთავრობას შეუძლია პრეზიდენტის აქტივობა შეზღუდოს – კუბილიუსი
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბიულიუსის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ნათელი გზავნილია იმის, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ევროკავშირს საშუალება არ მისცენ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში პრეზიდენტი არის ერთადერთი ლიდერი, რომელიც რეალურად იბრძვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რის გამოც მმართველი პარტია კმაყოფილი არაა და ცდილობს, იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით პრეზიდენტს ბარიერები შეუქმნას.
„მაგალითი არ მოიძებნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, სადაც მთავრობას შეიძლება გააჩნდეს კონსტიტუციური უფლება, შეზღუდოს პრეზიდენტის აქტივობები, განსაკუთრებით საგარეო. ეს არ არის რაციონალური აღქმა საქართველოს კონსტიტუციის. საქართველოს მთავრობის პოზიცია, უარი უთხრას პრეზიდენტს მოგზაურობასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აქტივობები – ეს გახლავთ ნათლად იმის მტკიცებულება, რომ საქართველოს მთავრობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. მათი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის გაგებას ეწინააღმდეგება“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
როგორც ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, სწორედ მთავრობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციას თავის ქმედებით.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.
პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.