ახალი ამბები

ომბუდსმენი კარვების კანონპროექტზე: სახეზეა გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

ომბუდსმენი კარვების კანონპროექტზე: სახეზეა გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებებით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

სახალხო დამცველის განცხადებით, ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  2. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  3. მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;
  4. დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვა, თუ მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;
  5.  ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცვლილებებით შემოთავაზებული თითოეული ეს საფუძველი არ არის საკმარისი პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვებს დაწესებისთვის.

კერძოდ, სახალხო დამცველის თქმით,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოს, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება.

ომბუდსმენის განცხადებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“, თუმცა მის სრულყოფილად აღსანიშნავად უფრო ტერმინი „განსაზღვრულობის პრინციპია“ შესატყვისი. აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები:

„შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციით დაცულ უფლებებში ჩარევის მართლზომიერებისთვის არ კმარა, სახეზე იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძველი და ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს. დამატებით საჭიროა, შემზღუდველი ზომის გამოყენება აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უფლებაშემზღუდველი ნორმა კონსტიტუციის შეუსაბამო მაშინ ხდება, როდესაც ის მიზნის მიღწევის არათანაზომად, არაგონივრულად მკაცრ ან/და უვარგის საშუალებას წარმოადგენს“, — ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებასაც.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, პროექტში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ და როგორ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს შეკრება/მანიფესტაციის მიმდინარეობისას ზოგადად დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) განთავსება შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეებს ან/და მესამე პირებს.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეების ან/და მესამე პირების საფრთხისგან დასაცავად.

სახალხო დამცველის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს დაიცვას შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეები/მესამე პირები „საფრთხისგან“, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამგვარი „საფრთხე“, მაშინ როცა უკვე არსებული რეგულირებით ამ მომენტისთვისაც აკრძალულია, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებმა იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით:

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი იცნობს გარკვეული ნივთების ფლობის აკრძალვას. კერძოდ, დღეს არსებული რეგულირებით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი; ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით; გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება; დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები; ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის“, — აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტში არ ჩანს, რატომ არ არის საკმარისი მოქმედი კანონმდებლობით უკვე დადგენილი აკრძალვები შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეების ან/და მესამე პირების საფრთხისგან დასაცავად.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ნორმის შინაარსი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ომბუდსმენის განცხადებით, კანონი დამატებით დათქმას აკეთებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს ოცი მეტრისა.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონით დაწესებულია სპეციალური რეგულირება სასამართლოს მიმდებარედ შეკრება/მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებითაც:

„კანონპროექტით არ არის დასაბუთებული, რატომ არის აუცილებელი ზემოაღნიშნული შეზღუდვის შემოღება ან/და რა ლეგიტიმურ მიზანს ისახავს ზემოაღნიშნული ცვლილებები. ამასთან, მუხლის ფორმულირება იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და არ არის განჭვრეტადი. კერძოდ, „დაწესებულების“, „საწარმოს“ ან/და „ორგანიზაციის“ შენობების შესასვლელების ბლოკირება არსებული კანონით აკრძალულია.

ამასთან, კანონი აწესებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოების, ხოლო მეორე მხრივ, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილე პირთა ინტერესების დაცვის მექანიზმს. რაც გულისხმობს, რომ მართალია, ორგანოს „შეუფერხებელი საქმიანობის“ გაგრძელება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ აღნიშნულმა არ შეიძლება შეზღუდოს შეკრება/მანიფესტაციის უფლების არსი. სწორედ ამიტომ, კანონით, შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს ოცი მეტრისა.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბუნებრივია, საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა გამოიწვიოს, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კანონპროექტში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შეზღუდვა დაშვებულია, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შეკრების და გამოხატვის უფლებასთან.

ომბუდსმენის თქმით, პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არჩევანის შესაძლებლობას, პირმა ისარგებლოს გამოხატვის საშუალებათა ფართო წრიდან მისთვის ყველაზე მისაღები ფორმით.

შესაბამისად, სახალხო დამცველის თქმით, ფორმას ირჩევს შეკრების მონაწილე და დაუშვებელია სახელმწიფომ პირებს შინაარსობრივად განუსაზღვროს, შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში რა საგანი, ნივთი, კონსტრუქცია, ნახატი, წარწერა თუ სკულპტურა არის დაკავშირებული გამოხატულ პროტესტთან ან/და სოლიდარობასთან.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი პროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა, მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, თუკი არსებობს ამდაგვარი დამატებითი რეგულაციების შემოღების აუცილებლობა, რაც არ უკავშირდება შეკრებას ან მანიფესტაციას, აღნიშნული ცვლილებები უნდა შევიდეს რელევანტურ კანონმდებლობაში და არა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. რამეთუ, ომბუდსმენის თქმით, ამ კანონის მიზანი შეკრების კონსტიტუციურად აღიარებული უფლების განხორციელების წესის დადგენაა და ისეთი საკითხების რეგულირება, რაც არ უკავშირდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, მის ფარგლებში არ ექცევა:

„კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მოწყობა: ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის […] კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ ,— აცხადებს სახალხო დამცველი.

შესაბამისად, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ თუკი კონკრეტული პირები ინდივიდუალურ შემთხვევაში მოქმედებით, წინააღმდეგობით, დროებითი კონსტრუქციების გამოყენებითა თუ აგებით ხელს უშლიან „პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“, ეროვნული კანონმდებლობა („პოლიციის შესახებ“ კანონი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“) ითვალისწინებს ხსენებულ ინდივიდუალურ ქცევაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების ბერკეტებს.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტით შემოთავაზებული ეს უკანასკნელი საფუძველი ისედაც რეგულირებულია დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველის აზრით, მისი დამატებით დადგენის საჭიროება არ არსებობს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს შეფასებები და დაიცვას შეკრება.მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციური სტანდარტი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.