საბჭოთა კანონმდებლობა აქტივისტების წინააღმდეგ — როგორ კლავენ პროტესტს საქართველოში
დაგროვილი ჯარიმები, დაყადაღებული ანგარიშები და ცხოვრება 21-ე საუკუნეში საბანკო ბარათების გარეშე — ასე ცხოვრობენ აქტივისტები, რომლებიც 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობენ.
ის, რომ კანონმდებლობა მოძველებული და რეპრესიულია, წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა ამ სფეროში მომუშავე უფლებდამცველთა კრიტიკის საგანი.
ნეტგაზეთი გიამბობთ, როგორ მოირგო ხელისუფლებამ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, თითქმის 40 წლის წინ მიღებული კანონი პროტესტის დასასუსტებლად და რა შეიძლება იყოს გამოსავალი.
ვინ და რატომ (არ) იხდის ჯარიმებს
აქტივისტი ნიკა ფარულავა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომლებიც აქციებზე დაკავებების გამო დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარს აცხადებენ. ფარულავას თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმები აქვს დაგროვილი:
„ზოგადად, აქტივიზმში და აქტიურად საჯარო ცხოვრებაში 2019 წლის 20 ივნისიდან — „გავრილოვის ღამიდან“ — ჩავერთე. 2019 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, პროპორციულის შესახებ კანონპროექტი რომ ჩააგდეს, 18 ნოემბერს დაიწყეს პირველი მასობრივი დაკავებები 20 ივნისის შემდეგ. ამის შემდეგ ეს დაკავებები და დაჯარიმებები ჩემთვის უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
თავდაპირველად აქტივისტების ნაწილი იხდიდა ამ ჯარიმებს. თუ ადამიანს ბანკთან ვალდებულებები აქვს, შეიძლება, ვერაფერი ქნას და მოუწიოს გადახდა. თუმცა გარკვეულ ნაწილს გვქონდა ეს დამოკიდებულება, ვისაც არ გვაქვს ბანკთან ვალდებულებები, არ გადაგვეხადა ეს ჯარიმები, რათა ლეგიტიმაცია არ მიგვენიჭებინა იმისთვის, რასაც არ ვეთანხმებოდით“, — ამბობს ფარულავა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
შედეგად, როგორს ნიკა ფარულავა ამბობს, გადაუხდელი ჯარიმების გამო მის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება, ის აღსრულებას დაექვემდებარება და ჯარიმის დაფარვას მოხმარდება.
როგორ აქტივისტი „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, ამგვარი ფინანსური იზოლაცია აქტივისტებს სამსახურშიც პრობლემებს უქმნის, რადგან ხელფასის ხელზე აღება უწევთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მის სახელზე უძრავი ან მოძრავი ქონება იქნება, აღსრულებას მათი შეფასება და რეალიზაციაც შეუძლია ჯარიმის იძულებით დასაფარად:
„მე რაიმე სახის ქონება არ მაქვს გაფორმებული და, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ „გამიმართლა“ იმიტომ, რომ როდესაც არ იხდი, შემდეგ უკვე აღსრულების ბიურო ქონების შეფასებასა და კონფისკაციას იწყებს. საბოლოო ჯამში, ყადაღა ბანკთანაც პრობლემას გიქმნის. რამე რომ დაგჭირდეს, ისტორია გიფუჭდება. წლები რომ გავა, ადამიანები ვართ ყველა, სესხი რომ დაგჭირდეს, ამაშიც პრობლემა გექნება“ ,— ამბობს ფრულავა.
აღნიშნული დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად აქტივისტების ნაწილი ჯარიმების გადახდას ამჯობინებს. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა მარიამ დოლიძემ გვითხრა, მხოლოდ მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული 16 პირისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 40 000 ლარს აჭარბებდა.
დოლიძის თქმით, ჯარიმების გადახდას ორგანიზაცია წევრებისა და აქციის მონაწილეებისთვის ძირითადად მოქალაქეების მიერ შემოწირული თანხით ახერხებს. კერძოდ, სოციალურ ქსელში ქვეყნდება პოსტი ამის თაობაზე და ადამიანები სურვილისამებრ რიცხავენ თანხას. თუმცა ზოგჯერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა აქტივისტებს საკუთარი ჯიბიდან უწევთ:
„მხოლოდ ორგანიზაციის წევრები 33-ჯერ ვართ დაკავებული, თითოეული- რამდენიმეჯერაც კი, ჯარიმების თანხა 50 ათას ლარს აღწევს“, — აღნიშნავს „სირცხვილიას“ წევრი.
კიდევ უფრო გამკაცრებული საბჭოთა კანონი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამოქალაქო აქტივისტებს აქციებზე, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით აკავებენ. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე მუხლი კი — პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას.
2021 წელს კანონში შესულ ცვლილებებამდე 166-ე მუხლი 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. ცვლილებების შემდეგ კი მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 173-ე მუხლს, ცვლილებების შემდეგ, პირველ ჯერზე ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, მაქსიმალური კი — 3000 ლარით. მუხლი ასევე ითვალისწინებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 3500 ლარიდან 4500 ლარამდეა (ან ადმინისტრაციული პატიმრობა 7-დან 15 დღემდე). 2021 წელს კანონში შეტანილ ცვლილებებამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ამასთან, კანონში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, პოლიციას შეუძლია, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, სასამართლოში წარდგენამდე, წინასწარი დაკავების იზოლატორში 24-ის ნაცვლად 48 საათი დააყოვნოს.
აქტივისტებს სჯერათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით სწორედ პროტესტის შესაზღუდად მიიღო. ნიკა ფარულავას დაკვირვებით, ამ ცვლილებებამდე სასამართლო აქტივისტებს უფრო ხშირად ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებდა, ვიდრე ჯარიმას:
„ივანიშვილის ინტერვიუც იყო 2019 წლის ბოლოს „იმედთან“, სადაც თქვა, ამ ხალხის არ მესმის, ვაკავებთ, ვიჭერთ, ვაპატიმრებთ და რამდენიმე დღეში ისევ აქციებზე გადიანო. 2021 წლის აპრილში მიშელის შეთანხმება რომ დაიდო, „ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში გაამკაცრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები, რომლებსაც ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე ხშირად იყენებენ. მათ ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით, კომენდანტის საათის დროს, ისე, რომ პარლამენტში საკამათოდ არასამთავრობო სექტორიც კი ვერ მივიდა, ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღეს.
ალბათ, ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენს დროში 15 დღე პატიმრობა სჯობს 3 000-ლარიან ჯარიმას. ამის შემდეგ უფრო დაიწყეს ჯარიმების გამოყენება. ეს იყო რაღაც ტაქტიკა, რათა, პირობითად, სხვა ადამიანებიც თუ ფიქრობენ, ჩაერთონ თუ არა საპროტესტო მოძრაობაში, გაეშვათ სიგნალი: თუ ჩაერთვები ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში, ფინანსურად იმდენად შეგავიწროებთ, შენ პრობლემები შეგექმნება, შეიძლება, ყადაღა დაგედოს, ხელფასი დაკარგო და ა.შ.“, — ამბობს ფარულავა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი მარიამ დოლიძე კი აღნიშნავს, რომ კანონის მსუსხავი ეფექტი კონკრეტულმა ფაქტებმაც დაადასტურა. მისი თქმით, აქტივისტები სასამართლომაც რომ გაამართლოს, რაც მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება, სახელმწიფოს აქციის ორგანიზატორების, სულ მცირე, 48 საათით განეიტრალება შეუძლია, რაც პროტესტს ახშობს:
„ის, რომ ადმინისტრაციული სასჯელების ასეთი სიმკაცრე პროტესტს კლავს, ეს კონკრეტულმა ფაქტებმაც დაგვიდასტურა. 2022 წლის გაზაფხულზე უკრაინის სოლიდარობის აქციები უწყვეტად ორგანიზდებოდა 2 კვირის განმავლობაში. 7 მარტს დააკავეს ”სირცხვილიას” 7 წევრი, ჯამში, 16 ადამიანი. მეორე დღიდან აქციები შეწყდა.
ერთი მხრივ, სულ რომ პროცესზე გამართლებულიყვნენ, მინიმუმ 48 საათით გაანეიტრალეს აქციის ორგანიზატორები და, მეორე მხრივ, დიდი ჯარიმებით დააშინეს მონაწილეები და მხარდამჭერები“,— ამბობს დოლიძე.
როგორ აკავებენ აქტივისტებს და რა ხდება სასამართლოში
ნიკა ფარულავა იხსენებს, რომ ხშირად, როდესაც აქტივისტებს აკავებენ, არც ერთი პოლიციელი, რომელიც დაკავებაში მონაწილეობდა, ოქმში დაფიქსირებული არ არის. მისი თქმით, დაკავების ბრძანებას სხვა პოლიციელი, მეტწილად, განყოფილებების ხელმძღვანელები გასცემენ, რიგითი პოლიციელები აკავებენ და სხვა თანამშრომლებს გადასცემენ, რომლებიც სასამართლოში აძლევენ ჩვენებას:
„მქონია შემთხვევები, როდესაც პოლიციას მივუყვანივარ შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთის გზატკეცილზე, ოქმი როდესაც შეუდგენიათ, იქ განხილვებიც მიმდინარეობდა, აბა, ამ დაკავებულს, პირობითად ნიკა ფარულავას, ვინ ჩაიბარებს.
ამის შემდეგ მოდის თანამშრომელი და ამბობს, მე ჩავიბარებო — ადამიანი, რომელიც აქციაზე საერთოდ არ ყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ვნახე პირველად. შემდეგ ეს ადამიანი სასამართლოში ამტკიცებს, რომ შენ ჩაიდინე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა — წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის წინააღმდეგობა და ა.შ.“ ,— ამბობს ფარულავა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ხარვეზები რომ აქვს და ჩამოყალიბებული პრაქტიკაც შორსაა დემოკრატიული სტანდარტისგან, ამას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძეც აღნიშნავს.
თითქმის 30 წელია, საია საქართველოში ადამიანის უფლებებს იცავს და ამ ორგანიზაციის იურისტების ხელში წლების განმავლობაში ათასობით საქმემ გაიარა. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, დროთა განმავლობაში როგორ მკაცრდებოდა ისედაც დროს ჩამორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, როგორ უარესდებოდა პრაქტიკა და როგორი უნდა იყოს თანამედროვე დასავლური, დემოკრატიული სტანდარტი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დაკავების მომენტიდან პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა:
- იცოდეს თავისი უფლებების შესახებ;
- შეეხმიანოს ადვოკატს;
- ოჯახის წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფება დაკავებული და ა.შ.
როგორც ქურდოვანიძე ამბობს, პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს და ამის ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ისიც, რომ ხანდახან დაკავებულს დიდი ხნით აყოვნებენ პოლიციის ავტომობილში, რაც არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს შეიცავს.
მისივე თქმით, საიას იურისტებს ჰქონიათ შემთხვება, როცა პოლიციის განყოფილებაში დროულად არ შეუშვიათ დაკავებულთან, დაკავებულებს კი პროცესის დაწყებამდე არ ჰქონიათ გონივრული დრო ადვოკატთან სასაუბროდ, მტკიცებულებების მოსაგროვებლად და სასამართლოში თავის დასაცავად.
„ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადვოკატი და პირი, რომლის საქმეც განიხილება, პირველად სწორდ სასამართლო დარბაზში ხვდებიან ერთმანეთს, რაც არ არის სათანადო გარემო იმისათვის, რომ ის სრულყოფილად დაიცვა“ ,— აღნიშნავს ქურდოვანიძე.
ქურდოვანიძის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას სასამართლო, როგორც წესი, იზიარებს პოლიციელების მიერ წარმოდგენილ შაბლონურ ახსნა-განმარტებით ოქმებს, სადაც ზოგჯერ ისიც კი არ წერია სრულყოფილად, კონკრეტული პირი რა ქმედების გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით და წარადგინეს სასამართლოში.
საიას თავმჯდომარის თქმით, ამგვარ ოქმებში, როგორც წესი, პოლიციელები წერენ, რომ დაკავებული უმისამართოდ იგინებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფრაზას იყენებდა პირი, ან რა ჩათვალა პოლიციელმა გინებად. ქურდოვანიძის თქმით, გინება შეფასების საგანია და სასამართლო ამაზე უნდა მსჯელობდეს:
„შეიძლება, პოლიციამ კონკრეტული სიტყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ჩათვალოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდეს. ამიტომ, პოლიციელი რას ედავება პირს, ოქმში უნდა იყოს დაკონკრეტებული.
ეს ასე ხშირად არ არის ხოლმე. ოქმში მხოლოდ ზოგადი ფრაზები და მუხლებია მითითებული, რომ მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, ან არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. ოქმში მსგავი რაღაცები წერია ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საქმის შემდგომ განხილვაზე“, – ამბობს იურისტი.
ამას ემატება ისიც, რომ როგორც წესი, პოლიციელები სხვადასხვა არგუმენტით სასამართლოში არ წარადგენენ სამხრე კამერების ჩანაწერებს, რომელზეც დაკავების მომენტი უნდა იყოს აღბეჭდილი.
აქტივისტი ნიკა ფარულავა აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როცა დაკავებულები თავად წარადგენენ პროცესზე ვიდეომტკიცებულებებს, სასამართლო უმეტესწილად მაინც მხოლოდ პოლიციელის სიტყვას ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას:
„წარმოიდგინეთ, მიდიხარ სასამართლოში და პოლიციელების სამხრე კამერები შენი დაკავების შემთხვევაში არ არსებობს, არასდროს არ მუშაობს, ან ჩართული არ ჰქონდათ.
როდესაც შენ მიგაქვს, პირობითად, მედიების მეშვეობით მოპოვებული კადრები და უმტკიცებ, რომ პოლიცია ცრუობს, მოსამართლე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ერთხმად ღაღადებენ იმას, რომ არ შეიძლება პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ვერ მტკიცდება ვერანაირად.
არის სტანდარტული ტექსტი, უმისამართოდ იგინებოდა, პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არაერთი მოწოდების შემდეგ არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რაც ვერც ერთი კადრით ვერ მტკიცდება. უბრალოდ, რაღაც მომენტში მოუნდა და გადაწყვიტა დაკავება ან ხელმძღვანელობისგან მიიღო ბრძანება“, — ამბობს ფარულავა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემური პრაქტიკა ნაწილობრივ სწორედ კანონმდებლობის ხარვეზითაა გამოწვეული. კერძოდ, იურისტის აზრით, 1984 წელს მიღებულ კოდექსში უფლებების დაცვის სტანდარტი მინიმალურია და ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების დაცვას.
როგორი უნდა იყოს კოდექსის რეფორმა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთხელ დაანონსებისა, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას არ ატარებს. იურისტის თქმით, აღნიშნულისთვის სამუშაო ჯგუფიც არაერთხელ შეიქმნა, თუმცა ინიციატივები ინიციატივებადვე დარჩა.
„2014-2016 წლებში მთავრობის მიერ იყო ინიციირებული რეფორმის სამუშაო ჯგუფი, შემდეგ ეს არ განხორციელდა. 2018 წელს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმატში მუშაობდნენ კანონპროექტის ახალ ვერსიაზე, რაც ასევე არ განხორციელდა და არც გვინახავს საბოლოო პროექტი.
უკვე ორი წელია, რაც პარლამენტში იურიდიული კომიტეტი თავის სამოქმედო გეგმაში წერს ხოლმე, რომ ამ კოდექსის რეფორმას იწყებს და კომიტეტთან თანამშრომლობით რამდენიმე ექსპერტი ამაზე მუშაობს, მაგრამ ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, კონკრეტულად რა პრინციპებს ეფუძნება ის ახალი მოდელი, რომლის შემუშავებაც უნდათ, ან რას შეცვლის ძირეულად ან არ შეცვლის. ეს დრო გადის და ამ პერიოდში ადამიანები მუდმივად ამ კოდექსის გამოყენებით არიან უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ“, — ამბობს ქურდოვანიძე.
იურისტი აღნიშნავს, რომ როდესაც საუბარია ისეთ ქმედებებზე, რომელიც თავისი შინაარსით უთანაბრდება სისხლისსამართლებრივ ბრალდებას, რადგანაც სანქცია მძიმეა (პატიმრობა ან მაღალი ჯარიმა) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, განხილვა პროცედურულად იმავე სტანდარტით უნდა მიმდინარეობდეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეებშია.
კერძოდ, საიას თავმჯდომარის თქმით, დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეებს უნდა ჰქონდეთ გონივრული დრო მოსამზადებლად და მტკიცების ტვირთი იმ მხარეზე უნდა იყოს, ვინც ედავება კონკრეტული ქმედების ჩადენას პირს, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოზე:
„დღეს ამის საპირისპიროდ ასე ხდება, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს ანაწილებს თანაბრად ორივე მხარეზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი თვითონ არის ვალდებული, დაამტკიცოს, რომ არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, რაც ამ სტანდარტებს, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს და მტკიცების ტვირთის ასეთი ფორმით განაწილება არასწორია“ ,— ამბობს იურისტი.
ქურდოვანიძის თქმით, ეს შეცვლიდა იმას, რომ ყველა ასეთი საქმე სასამართლოში ვეღარ მოხვდებოდა, რადგანაც მხოლოდ პოლიციელის ახსნა-განმარტება, რომელსაც მეტწილად ეფუძნება ხოლმე ამგვარი საქმეების განხილვა, პირის სასამართლოში წარსადგენად საკმარისი აღარ იქნებოდა.
ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ თუ მაინც მოხვდებოდა სასამართლოში ასეთი საქმეები, მოსამართლე ვალდებული იქნებოდა, მტკიცებულებები სათანადოდ შეემოწმებინა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნებოდა, წარედგინა საკმარისი მტკიცებულებები და არა მხოლოდ პოლიციელების ახსნა-განმარტება, ან შედგენილი ოქმი იმისათვის, რათა დაესაბუთებინათ ,რომ სამართალდარღვევა ჩადენილია:
„პროცესზე ნათქვამი სიტყვების ამარა მიდიან სასამართლოზე და მოლოდინი აქვთ, რომ მოსამართლე მათ დაუჯერებს, რაც სამწუხაროდ, მართლდება ხოლმე.
ეს მოლოდინი კი აქვთ იმიტომ, რომ ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული და კანონმდებლობის ხარვეზების გამოსასწორებლად არც მოსამართლეები არ არიან მოწოდებული“, — ამბობს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, სახელმწიფოს არ უნდა იმ ბერკეტების ხელიდან გაშვება, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია მას აძლევს. პოლიციისთვის კი, იურისტის თქმით, ამ პირობებში საქმიანობა ძალიან მარტივია, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.