ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ“
25 ივნისი, 2025
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ისრაელის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია.
„ჩვენ ოსტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ეს წარმატება უკავშირდება იმ დიპლომატიურ კამპანიას, რომელსაც ის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.
„ისრაელს თეთრ სახლში არასდროს ჰყოლია ისეთი მეგობარი, როგორიც არის პრეზიდენტი ტრამპი. დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“, — დასძინა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის ლიდერის განცხადებით, თუ ირანი კვლავ შეეცდება ბირთვული პროგრამის აღდგენას, ისრაელი მკაცრად და დაუნდობლად იმოქმედებს.
„თუ ვინმე ირანში შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ ვიმოქმედებთ იგივე შეუპოვრობით, იგივე ძალით, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ — ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“, — განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ სერიულ ავიადარტყმებს, რაც რეგიონში უსაფრთხოების ახალ საფეხურზე ასვლის მანიშნებელია. ვაშინგტონისა და თელ-ავივის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო გახდა მას შემდეგ, რაც ირანი გააქტიურდა რეგიონში და მუქარა განაახლა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.