საკონსტიტუციომ საკრებულოს სიებში კაცების ჩასმის ვალდებულება გააუქმა
საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება „ევროპული საქართველოს“ სარჩელზე გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით.
პარტია გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არსებით განხილვაში არ მიიღო.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომელიც მუნიციპალური არჩევნებისთვის საარჩევნო სიებში ყოველ სამეულში სულ მცირე, ერთი კაცის ჩასმის აუცილებლობას აწესებდა.
ამასთან, საკონსტიტუციოს განჩინებით, გაუქმდა საარჩევნო კოდექსის ის მუხლიც, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი კაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ადგილმონაცვლედ ითვალისწინებდა პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო კაცს.
განჩინება უკვე ძალაშია და, როგორც სასამართლო წერს, „საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება“.