ОДКБ: სამხედროები დემონსტრანტებს არ დაარბევენ
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) აცხადებს, რომ ყაზახეთში დემონსტრანტების დარბევაში სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ყველა ინსინუაცია, თითქოს, ახლა ჩვენი ქვედანაყოფები დემონსტრანტებს დაარბევენ და ა.შ. – არა, ეს არ მოხდება. ჩვენს მშვიდობისმყოფელებს სხვა დავალებები აქვთ“, – უთხრა რუსეთის სამთავრობო RIA-ს ОДКБ-ს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა.
მისივე თქმით, მშვიდობისმყოფელები იარაღს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავს დაესხმებიან. ზოგადად კი, მათი მთავარი მიზნები იქნება: „პირველი – ყველაზე მნიშვნელოვანი, სამთავრობო და სტრატეგიული ობიექტების დაცვა. და მეორე – მართლწესრიგის შენარჩუნებაში დახმარების გაწევა, რათა ხალხმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“.
ОДКБ-ს, მათ შორის მისი წევრის – რუსეთის, ძალები ყაზახეთში დღეს შევიდნენ.
ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მთავრობა საბოლოოდ გადადგა, თუმცა, დემონსტრაციები გაგრძელდა.
ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო.
არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს დახმარებისთვის მიმართა. პასუხად ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელებს აგზავნის.
ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, მთავრობა ათობით მსხვერპლზე საუბრობს.
ყაზახეთში გუშინ გაითიშა ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ. ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.