სოხუმში ყველა სკოლა 4-თებერვლამდე დაიხურა – მასწავლებლებს რუსული ვაქცინით ცრიან
27 იანვრიდან 4 თებერვლამდე სოხუმის ყველა სკოლა, გაუარესებული ეპიდვითარების გამო, კარანტინში გადადის. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ “აფსნიპრესს” განუცხადა.
ინალ გაბლიას ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსით 83 მასწავლებელი და 150 ბავშვია დაინფიცირებული. „მან განაცხადა, რომ თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, უნდა აიცრან და მათ ვაქცინაციისთვის ორ კვირას მისცემენ“, – წერს გამოცემა.
აფხაზეთში მსურველებს რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ ცრიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 26 იანვრის მდგომარეობით 16 622 ადამიანია ვაქცინირებული.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესი 1 თებერვლამდეა შეჩერებული გაგრის სკოლებშიც.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 583 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით ინფიცირების გამო კლინიკაში 156 ადამიანია მოთავსებული. ამათგან 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19–ით 590 ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ:
მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება კოვიდზე დროებით შეჩერდება – ამირან გამყრელიძის განმარტება
წყარო: რადიო ათინათი