ბაიდენმა პუტინი, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, “მძიმე საფასურზე” გააფრთხილა — თეთრი სახლი
“პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადაჭრით უპასუხებს და მძიმე საფასურს დააკისრებს რუსეთს” — აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 12 თებერვალს შედგა და 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა აშშ-ის განცხადება, რომლის თანახმადაც, მოახლოვდა მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ჩაერთოს დიპლომატიაში, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ჩვენ ასევე მზად ვართ სხვა სცენარისთვის”, — ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.
მოგვიანებით, პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი მოსკოვშიც შეაფასეს. პუტინის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა, საუბარს “გაწონასწორებული და საქმიანი” უწოდა და დაადასტურა, რომ “პრეზიდენტები შეთანხმდნენ, გააგრძელონ კონტაქტები ყველა დონეზე”.
ამავე დროს, უშაკოვმა უარყო აშშ-ის პოზიცია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. მისი სიტყვებით, “ისტერიამ პიკს მიაღწია”.
ხსენებულ სატელეფონო ზარს წინ უძღოდა საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანახმად, ბლინკენმა ლავროვს უთხრა, რომ “კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა ღია რჩება, თუმცა ეს მოითხოვს მოსკოვის მხრიდან დეესკალაციას და კეთილსინდისიერ დისკუსიებს”.
“მე გავიმეორე, რომ რუსეთის შემდგომ აგრესიას მოჰყვება მტკიცე, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი”, — დასძინა თავად ბლინკენმა.
არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები.
რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.
აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.
კიევში “უკრაინის ერთიანობის მარშს” ათასობით ადამიანი შეუერთდა