ახალი ამბები

ორ გამოცდაზე დარეგისტრირება შეუძლია მასწავლებელს თუ არა? – პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა კითხვებზე პასუხები

ორ გამოცდაზე დარეგისტრირება შეუძლია მასწავლებელს თუ არა? – პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა კითხვებზე პასუხები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველი ონლაინ ღია კარის დღე გამართა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის.

გამოსაცდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის, ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, მუსიკა, გეოგრაფია.

კითხვებზე პასუხები ცენტრმა 8 აპრილს გამოაქვეყნა, რომელსაც EDU.ARIS. GE უცვლელად გთავაზობთ:

ორ გამოცდაზე დარეგისტრირება შეუძლია მასწავლებელს თუ არა?

-ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს რეგისტრაციის დროს საგნის გამოცდას.

ვის შეუძლია წელს მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის მიღება?

-2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ:

  • საგნის გამოცდა;
  • სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა;
  • პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობა პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ.

ქართულში რამდენია ზღვარი მასწავლებლებისათვის?

-ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე. გასულ წლებში, ყველა საგანში, ბარიერი გახლდათ საგნის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი.

მხატვრული თემის წერისას სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა თუ არის განსაზღვრული და რას მივაქციოთ ყურადღება?

-სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ მთლიანად შეავსოთ ის სივრცე, რომელიც პასუხების ფურცელზე არის გამოყოფილი ამ დავალებისათვის. შეფასების კრიტერიუმები დაგეხმარებათ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დავალების შესრულების დროს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

ქართულში თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ნაშრომი განულებულა?

-ნაშრომი ნულით ფასდება, როდესაც მისი მოცულობა არ აღემატება 100 სიტყვას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ საანალიზოდ მიცემული ტექსტი არაადეკვატურად არის გაგებული. გარდა ამისა, აკრძალულია საკუთარი სახელის, გვარის ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითება.

სომხური ენის ტესტი იმავე სირთულის იქნება, რა სირთულისაც ქართულია? სად უნდა ვნახოთ პროგრამა?

-დიახ, ტესტის სირთულე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ანალოგიურია. დეტალები იხილეთ ბმულზე.

რა უნდა იცოდეს სომხური ენის მასწავლებელმა საგნის გამოცდის ეროვნული სასწავლო გეგმიდან?

-პედაგოგი, ცხადია, უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლებისათვის სპეციალური ეროვნული სასწავლო გეგმა (ცალკე აზერბაიჯანულენოვანი, ცალკე სომხურენოვანი და ცალკე რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორებისათვის) არ არსებობს, თუმცა არსებობს ზოგადი დოკუმენტი, რომელიც საერთოა საქართველოში მოქმედი ყველა სკოლისათვის.

2022 წლის საგამოცდო ტესტი მთლიანად დაეფუძნება იმ პროგრამას, რომელიც გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

რომელია გეოგრაფიაში ხშირად დაშვებული შეცდომები?

-აპლიკანტები ხშირად დავალების პირობასთან მიმართებით არ ახდენენ სწორი აქცენტის გაკეთებას, ან დასმულ კითხვას საკუთარი ინტერპრეტაციით პასუხობენ. შედეგად, პასუხი არ შეესაბამება დავალების პირობას და აპლიკანტი ვერ იმსახურებს ქულით შეფასებას;

აპლიკანტს ევალება კონკრეტულ კითხვაზე ლაკონიური და დასაბუთებული პასუხის გაცემა. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ კითხვის პირობით მოთხოვნილი საკითხი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია/განმარტება ან სხვ., რაც არ არის მოთხოვნილი კითხვის პირობით, ხშირ შემთხვევაში შეცდომად ითვლება. როცა აპლიკანტი სწორ პასუხთან ერთად არასწორ პასუხსაც მიუთითებს, შესაბამისად, ვერ იმსახურებს შეფასებას;

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემულია გეოგრაფიის დამხმარე კრებული. კრებულში მაგალითის სახით არის მოყვანილი და დეტალურად აღწერილი აპლიკანტთა მიერ შესრულებული კონკრეტული ტესტური დავალებები და დაშვებული ტიპური შეცდომები (იხ. დამხმარე კრებული, გეოგრაფია, აპლიკანტთა ნაშრომების ანალიზი გვ. 55-70).

ისტორიის ტესტზე მუშაობისას რაზე გვირჩევთ ყურადღების გამახვილებას?

-ყურადღებით წაიკითხეთ ტესტური დავალებების ინსტრუქცია, ეცადეთ დასმულ შეკითხვებს კონკრეტული და ლაკონიური პასუხები გასცეთ.

სამოქალაქო განათლებაში, პროგრამის გარდა, კიდევ რას შეიძლება რომ გავეცნოთ?

-ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელები გაეცნონ ცენტრის ვეგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს, რომელშიც ასევე მოცემულია ინფორმაცია დამხმარე მასალის თაობაზე.

შესაძლებელია, რომ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პროგრამას სცილდებოდეს რომელიმე საკითხი?

-ზოგადად ხელოვნების საგამოცდო ტესტში საკითხები არ სცილდება საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ კითხვის საილუსტრაციოდ გამოყენებულია ხელოვნების ნიმუში, რომელიც კონკრეტულად არ არის დასახელებული პროგრამაში. ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კითხვა შეეხება სახვითი საშუალების ან ხერხის ამოცნობას, ან რომელიმე სტილის ან ეპოქის ან კულტურის ტიპური თავისებურების შესახებ მსჯელობას. შესაბამისად, შერჩეული საილუსტრაციო მასალა ამა თუ იმ სტილის, კულტურის თუ ეპოქის ან მიმდინარეობის ტიპური ნიმუშია. ამგვარი დავალება ცოდნის გამოყენების, დაკავშირების, ასევე აპლიკანტის აზროვნების უნარის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა.

ისტორიის ტესტში რამდენი ღია და რამდენი დახურული დავალებაა?

-ტესტში სულ 29 დავალებაა, აქედან 22 არის დახურული, თუმცა დანარჩენი 7 დავალება ჯამში 24 ქვეკითხვას მოიცავს.

მუსიკაში თუ არსებობს მოსასმენი მასალის ნუსხა, რაც გამოცდაზე იქნება წარმოდგენილი? ასევე მაინტერესებს, რომელ კომპოზიტორებს შეიძლება შეეხოს შეკითხვები? თუ შეიძლება ნებისმიერს შევხვდეთ ბახიდან შონბერგამდე და რამდენი ქულა იქნება საკმარისი ზღვარის გადასალახად 70 ქულიდან?

-მუსიკაში მოსასმენი მასალის ნუსხა ცალკე გამოყოფილი არ არის, მაგრამ საგამოცდო პროგრამაში ჩამოთვლილ კომპოზიტორთა სიაში მითითებული მათი სანიმუშო ნაწარმოებები მოსასმენ მასალასაც გულისხმობს.

საგამოცდო ტესტის შეკითხვები შეიძლება შეეხოს ნებისმიერ კომპოზიტორს, რომელიც საგამოცდო პროგრამაშია მითითებული.

გამოცდის ჩაბარების მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო მინიმალური ზღვარის გადასალახად აუცილებელია 43 ქულა.

სახვითი და გამოყენებითი ტესტის დახურულ დავალებებზე მუშაობის დროს რას გვირჩევთ, რას მივაქციოთ ყურადღება?

-პასუხის გაცემამდე დაკვირვებით წაიკითხეთ შეკითხვა; დავალებებს უპასუხეთ პირობაში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; აუცილებლად წაიკითხეთ მოცემული ყველა სავარაუდო პასუხი, ვიდრე საბოლოო პასუხზე შეჩერდებით. შესაძლოა, სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში იყოს ორი, ერთი შეხედვით, სწორი/მსგავსი ვარიანტი. გახსოვდეთ, რომ ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი. ამდენად, ყურადღება მიაქციეთ პასუხების ვარიანტებში წარმოდგენილ ყველა დეტალს, განსაკუთრებით იმ სიტყვებს, რომლებიც გამუქებული ან ხაზგასმულია.

ასევე იხილეთ:

მენტორი მასწავლებლის გამოცდის პრეტესტზე გასული პედაგოგი დავალებების შინაარსსა და სირთულეზე საუბრობს

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.