ტერაქტი, ქიმიური თავდასხმა, დრონების შეტევა – ბლინკენი შესაძლო რუსულ პროვოკაციებზე
ამერიკის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა გაიმეორა ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული ძალები ემზადებიან უკრაინაში მომდევნო დღეებში შეჭრისთვის.
მან ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ იმას, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს. გასული თვეების განმავლობაში, გამოწვევის ან საბაბის გარეშე, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელარუსში და ოკუპირებულ ყირიმში განათავსა 150 ათასზე მეტი ჯარისკაცი.
რუსეთი ამბობს, რომ ამცირებს ამ ძალების რიცხვს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ რეალობაში. ჩვენი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ეს ძალები, მათ შორის სახმელეთო ძალები, თვითმფრინავები, გემები ემზადებიან უკრაინაში შესაჭრელად მომდევნო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თანახმად, მსოფლიო უნდა ელოდოს რუსეთის მიერვე წინასწარ დადგმულ ქმედებებს, რომლებიც კრემლმა შეიძლება უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს.
„პირველი, რუსეთი გეგმავს ხელოვნურად შექმნას შეჭრის საბაბი. ეს შეიძლება იყოს ძალადობის აქტი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ჩაიდენს, ან აღმაშფოთებელი ბრალდებები, რომელსაც რუსეთი უკრაინის ხელისუფლებისკენ მიმართავს. ზუსტად არ ვიცით ამ პროვოკაციის ფორმულა. ეს შეიძლება იყოს ხელოვნურად მოწყობილი ტერაქტი რუსეთში, ან ადამიანების მასობრივი სამარხის აღმოჩენა, შესაძლოა ეს იყოს დრონების თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ყალბი ან თუნდაც რეალური ქიმიური თავდასხმა. რუსეთმა შესაძლოა ამას ეთნიკური წმენდა უწოდოს, ან გენოციდი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
17 თებერვალს რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამერიკის მიერ გაგზავნილი წერილობითი პასუხის პასუხი, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთვევაში, სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებებით დაიმუქრა.