პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო – ბაიდენი
ამერიკის პრეზიდენტმა ბოლო ორ დღის განმავლობაში, მეორედ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას მომდევნო დღეებში გეგმავს. მისი განცხადებით, პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება.
„ჩვენ მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ რუსეთი გეგმავს და აპირებს თავს დაესხას უკრაინას მომდევნო კვირის განმავლობაში, მომდევნო დღეებში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ.
მისივე განცხადებით, რუსეთი მიზანში უკრაინის დეადქალაქს – კიევს ამოიღებს.
ბაიდენის განცხადებით, ის არ გააგზავნის სამხედრო ძალებს უკრაინაში, მაგრამ გააგრძელებს უკრაინელი ხალხის დახმარებას.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რამ უკრაინა აპირებს დონბასზე ფართომაშტაბიან შეტევას და ეს ყოველივე რუსული პროპაგანდის ნაწილია.
მისივე თქმით, რუსეთს კვლავ შეუძლია მიმართოს დიპლომატიას.
ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს 24 თებერვალს შეხვდებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეხვედრამდე დაიწყებს ომს, ეს იქნება მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ მან „დიპლომატიას კარი მიუხურა“ და ომის გზა აირჩია, რისთვისაც მკაცრ პასუხს მიიღებს.
უკრაინის საზღვართან ვითარება განსაკუთრებით დაძაბული რჩება.
რუსეთის მიერ მართულ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებში განგაში გამოცხადდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება პირველი ვიდეოები, თუ როგორ ტოვებენ ლუგანსკისა და დონეცკის მოსახლეობა უკრაინის ტერიტორიას და რუსეთში გადადიან.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ესკალაციისთვის იყენებს.