ახალი ამბები

ეროვნული კიბერუსაფრთხოების ასოციაციის თავმჯდომარე — ნიკოლოზ გაგნიძე

ეროვნული კიბერუსაფრთხოების ასოციაცია 2021 წლის სექტემბერში დაფუძნდა. კიბერუსაფრთხოება დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან მთელი მსოფლიო თანხმდება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ვერ და არ იქნება განცალკევებით იმ პროცესებთან მიმართებით, რაც კიბერუსაფრთხოებას ეხება. სწორედ ეს იყო პროფესიონალთა გუნდის მიზანი, რომ შეექმნათ ასოციაცია, რომელიც იმუშავებდა კიბერუსაფრთხოების პროცესებში სქართველოს ინკლუზიური ჩართულობისა და ინფორმაციული საზოგადოების გაძლიერებისთვის.

ნიკოლოზ გაგნიძე, ეროვნული კიბერუსაფრთხოების ასოციაციის თავმჯდომარე გვიყვება უფრო მეტს როგორც ასოციაციის, ისე ზოგადად კიბერუსაფრთხოებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

?— როგორ გაჩნდა იდეა დაარსებულიყო ეროვნული კიბერუსაფრთხოების ასოციაცია?

☑— ძირითადად სამ წინაპირობას გამოვყოფდი: პირველი არის გარემოება, რომ კიბერუსაფრთხოებაში ძალზედ დეფიციტურია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსები. მე თავად ვმუშაობდი სახელმწიფო უწყებაში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაც კიბერმიმართულება იყო და ვიცი, რაოდენ რთულია კვალიფიციური კადრების მოძიება და შენარჩუნება. ჩვენი ჩანაფიქრით, ასოციაციამ უნდა შეძლოს ადამიანური რესურსების გარკვეული მობილიზება, მათი ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რაც თუნდაც იმავე სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება ამ კონკრეუტლი მიმართულებით; მეორე მიზეზია ის, რომ საქართველოში ფაქტობრივად არ გვაქვს კვლევები კიბერუსაფრთხოებაში. რაც გვაქვს, არის მიმოფანტული, აღებული სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებიდან, თუმცა არ არის იმის საშუალება, რომ გავიგოთ, რამდენად რეალურია თუნდაც საქართველოს შესახებ არსებული მონაცემები, რა კეთდება ჩვენთან კონკრეტულად კიბერუსაფრთხოებაში და ასე შემდეგ. ამდენად, კვლევითი მიმართულების გააქტიურებაც ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება; მესამე ფაქტორად კი გამოვყოფდი მცირე და საშუალო ბიზნესს — სექტორს, რომელსაც ამ მიმართულებით ყურადღება აკლია. მოხდა ისე, რომ როგორც სახელმწიფო, ისე ყველა სხვა აქტორი, რომელსაც შეხება აქვს კიებრუსაფრთხოებასთან, ცდილობს ყურადღება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებზე გადაიტანოს, რაც ერთგვარ დისბალანსს ქმნის. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვაპირებთ მუშაობას.

?— რა მიზნები აქვს ასოციაციას?

☑— ასოციაციის მიზანთაგან გამოვყოფდი ინფორმაციულ საზოგადოებაში კიბერკულტურის ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს კიბერუსაფრთხოების თემის წამოწევას, ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ქმედებების, მისი წევრების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლას, რათა დიდი ნაწილი მაინც მზად იყოს კიბერსაფრთეებისა და რისკების შესაძლო ნეგატიური გავლენისგან თავის დასაცავად. რასაკვირველია, აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ სახელმწიფო სტრუქტურებს და კვალიფიციური კონსულტაცია და სხვა სახის პროფესიული დახმარება შევთავაზოთ.

?— ვის შეუძლია გახდეს ასოციაციის წევრი და რას მოუტანს მას ასოციაციის წევრობა?

☑— ასოციაციას უკვე ჰყავს 30-ზე მეტი წევრი ფიზიკური პირების სახით. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ზოგიერთ მათგანს ჩვენთან პარტნიორის სტატუსი აქვს. იურიდიული პირი ასევე შესაძლებელია გახდეს ასოციაციის წევრიც. ზოგადად, ასოციაციის წევრებს რაიმე კავშირი უნდა ჰქონდეთ კიბერთან ან თუნდაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. კითხვაზე თუ რას მოუტანს წევრებსა და პარტნიორებს ასოციაციასთან თანამშრომლობა, პასუხი ცასლსახაა — პროფესიონალებთან კავშირს, სპეციფიკურ ინფორმაციაზე წვდომას, რომელიც არ არის მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მოპოვებული და მოიცავს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასაც, რაც დიდი უპირატესობაა, კიბერსკონსულტაციებს, თეორიულ და, რიგ შემთხვევებში, ტექნიკურ დახმარებას, სხვადასხვა პროექტებში ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობას და სხვა.

?— რა კონკრეტული პროექტები აქვს კიბერუსაფრთხოების ასოციაციას და როგორია თქვენი გეგმები 2022 წლისთვის?

☑— ასოციაცია გასული წლის სექტემბერში შეიქმნა და მაშინვე დავსახეთ გარკვეული გეგმები. პირველი, რაზეც ახლაც ვმუშაობთ, ეს არის უკვე ნახსენები კვლევების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ვაყალიბებთ კვლევით პლატფორმებს. ჩვენი გეგმის ნაწილია ასევე საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რის თაობაზეც აქტიურად ვსაუბრობთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სახელმწიფოსგანაც გარკვეული მხარდაჭერის მოპოვების იმედი გვაქვს. ვგეგმავთ როგორც ჩვენი ასოციაციის, ისე სხვა პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას. ასევე დაგეგმილი გვაქვს კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციისთვის საფუძვლის ჩაყრა, რის თაობაზეც ვმუშაობთ პარტნიორებთან და ვიმეოდვნებთ, რომ პირველი კონფერენცია მიმდინარე წელს გაიმართება.

?— კიბერუსაფრხოება დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. როგორია საქართველოს პოზიციონირება კიბერუსაფრთხოების გლობალურ რუკაზე და რამდენად დაცულია საქართველოს კიბერსივრცე?

☑— სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ ძალიან კარგი პოზიცია გვეკავა მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების ინდექსებსა და კვლებებში. მათი მონაცემებით, რამდენიმე განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებდით და ჩვენი პოზიციები წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა. ბოლო წლებში, სამწუხაროდ, შედეგები აღარ უმჯობესდება და რიგ შემთხვევებში უარესდება კიდეც. ამასთან, ცვლილება განხორციელდა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში და ეს ცვლილება დანერგვას საჭიროებს, რისთვისაც მთელი რიგი პროცესებია ასაწყობი. ვიმედოვნებ, რომ მაკოორდინირებელი უწყების — ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩართულობით, ეს ცვლილებები დროულად დაინერგება და უფრო მეტად გამოიკვეთება კიბერუსაფრთხოების მსოფლიო არენაზე საქართველოს აქტიური მონაწილეობის პერსპექტივები. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების ძალისხმევას კერძო სექტორის მხრიდან, ეს პროცესი ეფექტიანია, თუმცა აქაც თვალსაჩინოა რესურსების ნაკლებობა, რადგან კიბერუსაფრთხოება ძვირი სიამოვნებაა.

?— რაც შეეხება ქვეყნს კიბერსივრცის დაცულობას, ვინაიდან ეს ყველას აინტერესებს.

☑— 100%-ით დაცული არავინაა. თუ ვინმე თვლის, რომ დღეს დაცულია და მეტი ძალისხმევა არ არის საჭირო, ეს არასწორი მიდგომაა. ყოველდღიურ რეჟიმშია საჭირო ამ თემაზე მუშაობა, ორგანიზაციებში დასანერგია შესაბამისი პროცედურები და პოლიტიკები, რათა კიბერუსაფრთხოების თემა ყოველთვის წინ იყოს წამოწეული. ცალკე საკითხია ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულობა და მზაობა. რაც შეეხება კონკრეტულად დაცულობის, ვთქვათ, კოეფიციენტს, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან არ გვაქვს შიდა შეფასებისა და ინდექსირების პრაქტიკა.

?— თქვენი აზრით, რომელია ყველაზე უფრო კრიტიკული გამოწვევა საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ გამოწვევას?

☑— პირველი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის არის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების დონე. როდესაც ადამიანს არ ესმის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და ვერ აფასებს მოსალოდნელ რისკებს, იგი აუცილებლად შეეჯახება ამ პრობლემებს — რასაკვირველია, ალბათობის თეორიის გათვალისწინებით. ყველა ქვეყანას აქვს ეს პრობლემა — გნებავთ სახელმწიფო სექტორი, გნებავთ — კერძო შემხებლობაშია ამ საკითხთან და სწორედ ზემოთ უკვე ნახსენებ საკომუნიკაციო სტრატეგიას განსაკუთრებით კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება — ეს სტრატეგია განსაზღვრავს აქტორებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის სტანდარტს და სისტემურ პლაფტორმას ჩამოაყალიბებს. შედეგად, ყველა ჩართულ მხარეს ეცოდინება კონკრეტული ქმედებების შემდეგ რა შედეგებს მივაღწევთ.

?— დღეს საყოველთაოდ ცნობილია გლობალური ჰაკერული ჯგუფი Anonymous-ი. შეიძლება ითქვას, რომ მათმა სტრატეგიამ კიბერომის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა?

☑— აქ ასეთი სიტუაციაა: ეს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჰაკერებს მთელი მსფოლიოდან აერთიანებს, უტევს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ინფრასტრუქტურას და სერიოზულ ზიანსაც აყენებს, რაც ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ, ბუნებრივია, გვიხარია. კონკრეტული სიტუაცია კარგი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ კიბერუსაფრთხოებაში უპირველესია საერთო თანამშრომლობა. ცალსახად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ვერცერთი ქვეყანა განყენებულად ვერაფერს გახდება გლობალური კიბერშეტევების წინააღმდეგ. Anonymous-ი მაგალითა, რომლის ქმედებაც, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მისასალმებელია, მაგრამ სწორედ ამ დაჯგუფების მსგავსად მოქმედებენ და იმოქმედებენ სხვა ჰაკერული დაჯგუფებებიც სხვა ნებისმიერ დროს და ვინ იქნება მათი მსხვერპლი, ძნელი სათქმელია. ამდენად, ორგანიზებული კიებრშეტევების წინააღმდეგ ზოგადად მნიშვნელოვანია ასევე ორგანიზებული თავდაცვითი ველის შექმნა, რაც გამოიხატება გოლბალურ თანამშრომლობაში, ინფორმაციის გაცვლაში, ტექნიკური პლატფორმების ურთიერთხელმისაწვდომობაში და სხვა.

https://www.facebook.com/ncsa.geo

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.