ახალი ამბები

ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნებია

ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნებია

2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები იმართება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ, ბათუმის გონიო-კვარიათის საარჩევნო ოლქში კი — საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.

ცესკოს თანახმად, რუსთავ-გარდაბნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 139 989-ს, ბათუმში კი — 20 635-ს შეადგენს. რუსთავსა და გარდაბანში გახსნილია 135 საარჩევნო უბანი, ბათუმში — 14 საარჩევნო უბანი.

უწყება მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, “ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში”.

ცესკოს თანახმად, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი.

ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

“პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე   საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში”, — აღნიშნავს ცესკო.

ბათუმში შუალედური არჩევნები საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. ის “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა. ენმ აცხადებს, რომ ფუტკარაძეზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენდა და მის მოსყიდვას ცდილობდა. “ქართულ ოცნებაში” ამას უარყოფენ.

რუსთავში არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც “ქართული ოცნების” წევრი, აწ უკვე ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა. აქ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.

რუსთავ-გარდაბნის არჩევნებში 3 სუბიექტი მონაწილეობს: მამუკა ტუსკაძე (“სოციალური სამართლიანობისთვის), ირაკლი შატაკიშვილი (“ქართული ოცნება”) და კამალ მურადხანოვი #59(“საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”).

რუსთავის მაჟორიტარობისთვის უნდა ებრძოლა “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესაც, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ კამპანიისთვის გათვალისწინებული რესურსები უკრაინელთა დახმარებისთვის დაიხარჯება.

2 აპრილს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება.

ბათუმში დღეს არჩევნებია, რომლის შედეგები გადაწყვეტს, ვის ექნება უმრავლესობა საკრებულოში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.