სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა – გვრიტიშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი თქვა.
გვრიტიშვილის თქმით, აშშ-ში ვიზიტზე უარის თქმა მოსამართლეთა მხრიდან სოლიდარობის აქტია.
„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – წერს გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.
ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აშშ-ის საელჩოსთანაც ცდილობს.
5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.
სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.