როდის იკლებს მოსწავლისთვის სკოლის ღირებულება და რა ფაქტორები მოქმედებს განათლების ხარისხზე
როგორც განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, საზოგადოებაში შთაბეჭდილება ასეთია, რომ განათლების ხარისხი დაეცა და 30 წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, რომლის თანახმადაც ამაზე მსჯელობას შევძლებდით.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხსე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს და მათ შორის არის როგორც სოციალური, ისე მასწავლებელთა კომპეტენცია და მოსწავლის მოტივაციის ნაწილიც.
“წარმოდგენები ერთია და სინამდვილეში რა ხდებოდა, არ ვიცით… ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ საბჭოთა კავშირში უნივერსიტეტდამთავრებული ადამიანები ასწავლიან სკოლებში და მათ ნაწილს მნიშვნელოვნად უჭირს იმ კომპეტენციების დადასტურება, რაც არის აუცილებელი, რომ იყო მასწავლებელი. რომ შევადაროთ, მაგალითად ბოლო 10 წლის განმავლობაში ვინც დაამთავრა უმაღლესი და 30 წლის წინ ვინც დაამთავრა, ისინი როგორ აბარებენ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდებს, არ მგონია, რომ მაინცდამაინც უარესი შედეგები ვნახოთ ახლა. უბრალოდ, მაშინ უფრო მასობრივი იყო მასწავლებლების განათლება და ახლა უფრო პატარა ჯგუფი იღებს განათლებას. განათლების ხარისხზე მოქმედებს მოსწავლეების მოტივაციაც და შესწავლილია, რომ მოსწავლეების მოტივაცია იკლებს, სადაც განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა არსებობს. მე თუ შემიძლია, რომ სკოლის გარდა სხვა საშუალებებით მივიღო ინფორმაცია რაღაცის შესახებ, მაშინ სკოლის ღირებულება იკლებს და შეიძლება, ისეთი მონდომებით არ ვიარო სკოლაში, როგორც ვივლიდი ისეთ გაჭირვებულ პირობებში, სადაც სკოლა არის ერთადერთი წყარო ინფორმაციის მიღებისა”, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ 19 აპრილს, ინტერნეტ გადაცემაში “ქართული საგანმანათლებლო სივრცე”.
სპეციალისტი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა და დღესაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელთა შვილები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებენ ნებისმიერ შეფასებაზე და ღარიბი ოჯახის შვილების შედეგები მკვეთრად ცუდია.
“სიღარიბე ბევრნაირად მოქმედებს. მაგალითად ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საკმარისი საკვები, ისინი ცუდად სწავლობენ. ბავშვები, რომლებიც ეხმარებიან მშობლებს ეკონომიკური შემოსავლების თვალსაზრისით, მათ ნაკლები დრო რჩებათ სწავლისთვის. მშობლები, რომლებიც სიღარიბეში ზრდიან ბავშვებს, მათ უწევთ არჩევანის გაკეთება მაგალითად დატოვონ ბავშვები სკოლაში, თუ ვთქვათ გაათხოვონ, ასეთი პრობლემაც გვაქვს საქართველოში. მაგალითად დღეს გვაქვს ახალი ფენომენი, რომელიც არ იყო ასე გავრცელებული, რომ მშობლები კი არ ზრდიან ბავშვებს მასობრივად, არამედ ზრდიან ბებიები და ბაბუები, რომლებსაც მაინცდამაინც დიდი შესაძლებლობა არა აქვთ, რადგან მშობლები წასულები არიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. უამრავი ახალი განვითარება მოხდა და ამის გარდა, თვითონ ხარისხის გაგებაც შეიცვალა, ცხადია და დღეს ჩვენთვის ხარისხიანად არ ითვლება მაგალითად მოსწავლეების უბრალოდ კლასიდან-კლასში გადასვლა. დღეს ჩვენს შედეგებს ვადარებთ ფინელი ბავშვების შედეგებს ან სხვების, რისი შესაძლებლობაც მაშინ არ გვქონდა და შეგვეძლო, მხოლოდ საკუთარი გარემოცვით გვემსჯელა”, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ასევე იხილეთ:
XXI საუკუნის განათლება, უნარები და მასწავლებელი – პედაგოგის შეჯამება 2021 წლის ბოლოს