„ბორჯომის“ შესახებ ძალიან მალე გეტყვით სასიამოვნო სიახლეს – ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს მინერალური წყლების ბრენდის „ბორჯომის“ საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოება მალე „სასიამოვნო სიახლეს შეიტყობს“.
„ჩვენი მოტივაცია არის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები… მაგალითად, ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული, ჩვენ ამის შესახებ აქტიურად ვმუშაობთ. ბორჯომის შესახებ ძალიან მალე გეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ბორჯომის“ ოფიციალურ მწარმოებელს საქართველოში კომპანია IDS Borjomi Georgia წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, IDS Borjomi International- ის ნაწილია. IDS Borjomi International აერთიანებს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.
კომპანიამ უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხნის მუშაობა შეაჩერა.
IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობს, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.