„რა საკითხებიც იყო, გაკვეთილზე არ მჭირდება“ – მასწავლებლის საგნის გამოცდიდან გამოსულების შეფასებები
7 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს საგნობრივი კომპეტენციის დაძლევის მსურველი მასწავლებლები შეუერთდნენ. დილის და შუადღის სესიებზე ტესტირება სხვადასხვა საგანში ტარდება და საგნის გამოცდებს აბარებენ როგორც მოქმედი და სხვა საგანში სერტიფიცირებული პედაგოგები, ისე მასწავლებლობის მსურველები.
EDU.ARIS.GE-სთან დაწყებითი კლასების ქართულის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების გამოცდიდან გამოსულებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. ამბობენ, რომ საკითხები, რაზეც დღეს წერეს პრაქტიკაში ნაკლებად სჭირდებათ, მაგრამ ტესტის სირთულეზე არავინ მიუთითებს:
მასწავლებლობის მსურველი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან:
„დაწყებითების გამოცდას ვაბარებ. საშუალო სირთულის ტესტი იყო. ნაცარქექია მოვიდა და უნდა გაგვეაზრებინა. მოყვანილი იყო მაგალითები და ჩვენი დამოკიდებულება უნდა დაგვეწერა. გიორგი კაკაბაძისა და ინგოროყვას სიტყვები იყო მოცემული და ამის მიხედვით უნდა დაგვეწერა. ასევე, შეცდომები უნდა გაგვესწორებინა და რაღაც დაგვესაბუთებინა. შემოსახაზი საკითხებიც იყო – ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა, სადაც ესე უნდა დაგვეწერა იმ საკითხზე, რაც ტექსტით და ილუსტრაციების სახით იყო მოყვანილი. მასწავლებლის განათლების პროგრამა დავამთავრე უნივერსიტეტში და ვცდილობ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი შევიძინო, რადგან სახელმწიფომ არ გვიღიარა და ახლა გვიწევს, რომ ჩავაბაროთ. წესით, უნდა გადავლახო“.
თბილისის 146-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ საკითხები, რაც გამოცდაზე შეხვდა, საგაკვეთილო პროცესში სულაც არ სჭირდება:
„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვიყავი. ის საკითხები უფრო ნაკლებად იყო, რაზეც მე ყურადღება გავამახვილე. გრამატიკული ნაწილი ფაქტობრივად არ იყო, ძირითადად, მორფოლოგიურ-სინტაქსური შეცდომები უნდა გვენახა. ასევე გვქონდა ანალიტიკური წერა, ლექსიდან აზრის გამოტანის დავალება… ვფიქრობ, მაქსიმალურ ქულას ვერ ავიღებ, მაგრამ გადალახვით, გადავლახავ.
ეს გამოცდა, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის. არიან პედაგოგები, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ ჩაბარებული გამოცდა, მაგრამ მოწაფესთან მიდგომა, ახსნა არ შეუძლიათ. არიან პედაგოგები, ვისაც არ აქვს ჩაბარებული და უკეთესი კომუნიკაცია აქვთ ბავშვებთან. ვფიქრობ, აქ რა საკითხებიც იყო, გაკვეთილზე არ მჭირდება. იცით როგორი საკითხებია? ბავშვმა არა, მაგრამ შენ, მასწავლებელმა რომ უნდა იცოდე და ეს ძალიან დიდი სისულელეა“.
კიდევ ერთი, თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი გამოცდები მასწავლებლებისთვის აუცილებელია:
„ბუნებისმეტყველებას ვაბარებდი და ვინც ნამუშევარია, ამ გამოცდას აუცილებლად ჩააბარებს. წინა წლის ტესტებთან შედარებით, შემცირებულია ფიზიკისა და ქიმიის საკითხები. ძირითადად იყო ბიოლოგიიდან და რამდენიმე საკითხი – გეოგრაფიიდან, რომელიც არ იყო რთული. რუკაც გვეხმარებოდა, რომელიც დამატებით რესურსად გვქონდა. არ ყოფილა საკითხი, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილზე არ გამოადგება. ტექსტის გააზრებაც ბავშვებში სოციალური უნარების ჩამოყალიბებაზე იყო და თემა – გენდერულ თანასწორობაზე, რაც ახლა აქტუალურია. არის საკითხები, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს, ბიოლოგიას ასწავლი თუ მათემატიკას, მოსწავლესთან გიწევს მტკიცება რაღაცის, არგუმენტის მოყვანა და ეს სჭირდება ყველა მასწავლებელს.
„ორი წლის წინაც ვაბარებდი და 2 ქულა დამაკლდა. ჩემს თავზე გავბრაზდი. ეს არის ერთგვარად შენი თავის გამოცდა, რამდენად ხარ შენ მზად იმისთვის, რომ თამამად შეხვიდე მოსწავლესთან. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ რადგან დიპლომი აქვთ, განვითარება აღარ სჭირდებათ. მე რომ უმაღლესი დავამთავრე, მობილური ტელეფონი არ იყო. ყველაფერი იცვლება და თუ შენ საუკეთესო გინდა მოსწავლეებისთვის, შენც საუკეთესო უნდა იყო“
ლიკა ნარჩემაშვილი, 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: „ჩემი საგანია მე-6 კლასის ბუნებისმეტყველება. მჭირდებოდა საგნის გამოცდა და ჩავაბარე. მოქმედი პედაგოგი ვარ, 15 წელია ვასწავლი დაწყებითებს. რთული გამოცდა არ იყო. ამ გამოცდებს მოვესალმები, ვფიქრობ, რომ ყველანაირი წინსვლა კარგია”.
ამავე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი მასწავლებელი, ნათია ყულიჯანიშვილი, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდები პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურებისთვის მნიშვნელოვანია:
„ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გავედი. რაც შეეხება საკითხებს, ისეთი სირთულის საკითხები იყო, როგორც ყოველ წელს. გართულებული არ იყო, ჩემი აზრით, პირიქით. ადრე ვმუშაობდი პედაგოგად, მაგრამ დროებით აღარ ვმუშაობ და გადავწყვიტე, ჩამებარებინა პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის. ზოგადად, მგონია, რომ ეს გამოცდები კარგია, საჭიროა იმისათვის, რომ პედაგოგმა დაადასტუროს კომპეტენცია, განსაკუთრებით იმ გამოცდაში, სადაც აკადემიური უნარებიც მოწმდება და ეს თანხვედრაში ძალიან საჭიროა”.
დღეს გამოცდა უნდა ჩატარდეს კიდევ სამ საგანში (მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI); მუსიკა და სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური). მასწავლებელთა გამოცდები 14 ივლისს, პროფესიული უნარების გამოცდით განახლდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადეს რუსკა ადვაძემ და თამარ შუკვანმა