ახალი ამბები

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

დამრიგებლის შრომა ისევე შეუფასებელია, როგორც თითოეული მასწავლებლის. დამრიგებელი, როგორც კლასის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირია, შუამავალია მშობელსა და სკოლას შორის. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზადაა მშობელთან კომუნიკაციისთვის, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდეთ რაოდენ საპასუხისმგებლო საქმიანობაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერს გადავხედოთ, რომელიც დამრიგებლის მოვალეობების ვრცელ სიას აღწერს. სანამ მოვალეობათა სიას გაეცნობით, უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო მათ სამუშაოსთვის 80 ლარს უხდის. დიახ, საჯარო სკოლის დამრიგებლის სახელფასო დანამატი 80 ლარია.

დამრიგებლის მოვალეობებია:

  1. გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  2. დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით;
  3. დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  4. იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  5. რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია, ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
  6. საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  7. სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
  8. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.‘’ (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024).

EDU.ARIS.GE საჯარო სკოლის დამრიგებლებს ესაუბრა. მათ საკუთარი შრომისა და იმ საქმიანობის შესახებ გვიამბეს, რომელსაც ყოველდღიურად გასწევენ. გვიპასუხეს კითხვაზე ისურვებდნენ თუ არა გაზრდილ დანამატს ასევე, ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც აწყდებიან და გვითხრეს რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც საყვარელი სკოლის, ისე სამინისტროსგან.

პრობლემებზე საუბარს არ ერიდება ნატო ტიღაშვილი, რომელიც თბილისის N70-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელია. ამბობს, რომ დამრიგებლის დანამატს სრულად ხარჯავს საკუთარი მოსწავლეებისთვის და ხშირად არც ჰყოფნის, რადგან მუდმივად სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რისთვისაც დამატებითი სასწავლო რესურსები სჭირდება. ნატო ღიად ამბობს, რომ მის მსგავსად სხვა დამრიგებლებიც იმავეს აკეთებენ. ფიქრობს, რომ დანამატის მატება დამრიგებლისთვის არა მხოლოდ შრომითი ანაზღაურების ზრდა, არამედ ხელშეწყობაც იქნებოდა, რომ როგორც პედაგოგს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეს.

მისი თქმით, როცა 25 ბავშვი შენზეა მონდობილი, მისთვის მშობელიც ხარ, მასწავლებელიც და აღმზრდელიც. მით უმეტეს დაწყებით საფეხურზე, როცა მასწავლებელი ბავშვისთვის ავტორიტეტია და უნდა იყო მეგობარიც და რაც მთავარია, მათ პიროვნულ/მორალურ განვითარებაზე იზრუნოს, რაშიც თვეში ორჯერ კლასის საათიც ეხმარება.

„ნებისმიერი აქტივობა დამატებით რესურსს მოითხოვს, რაც თანხებთანაა დაკავშირებული, თუნდაც თაბახის ფურცლების შეძენა და ფერადი რესურსების ამობეჭდვა. ხშირ შემთხვევაში, სკოლას არ აქვს შესაბამისი რესურსი, არ არის საკმარისი დაფინანსება და მასწავლებლებს გვიწევს ჩვენი ფინანსების ხარჯვა, დამრიგებლის ანაზღაურება კი სულ რაღაც 80 ლარია ხელზე ასაღები. საინტერესოა, ეს თანხა რას უნდა ეყოს?! მაშინ როცა წლის დასაწყისში, პირველი დღის აქტივობებისთვის და კლასის გალამაზებისთვის სულ ცოტა 150-200 ლარია საჭირო. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაიზარდოს ამ კუთხით სკოლების დაფინანსება, გამოიყოს დამატებითი რესურსები ან მასწავლებლებს მისცენ დამრიგებლობის პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი ანაზღაურება, იქნებ მერე აღარ აერიდებინათ მასწავლებლებს თავი ამ ყველაფრისთვის.

„მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს საფიქრალი, საიდან მოიტანოს რესურსებისთვის საჭირო თანხა, მითუმეტეს, როცა სურვილი გაქვს სხვადასხვა აქტივობის განხორციელების და ამავე დროს, რამდენიმე კლასს ასწავლი. კარგი იქნება, ამ საკითხს თუ გადახედავს შესაბამისი უწყება, ასე მოსწავლეების სწავლის ხარისხიც გაიზრდება და მასწავლებლის პროდუქტიულობაც, რადგან მოთხოვნები შესაძლებლობის პროპორციული უნდა იყოს“, – აცხადებს ნატო ტიღაშვილი.

დამრიგებლობის მსურველთა რაოდენობა რომ მცირეა, ამაზე თავად მასწავლებლები ღიად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დამრიგებლობა დაბალი დანამატის გარდა, მაღალ პასუხისმგებლობას მოიცავს:

– „დამრიგებლების პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, რომ 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, არამცთუ სასაცილო, 80 ლარი“.

– „დამრიგებლის ხელფასი მართლაც არაადეკვატური და შეუსაბამოა იმ შრომასთან შედარებით, რაც მათ უნდა გასწიონ. პროტესტია საჭირო და ხმის ამოღება, რომ ცვლილებები ამ მიმართულებითაც გატარდეს“.

– „თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს მოსწავლეს, 80-ჯერ გარბენინებენ აქეთ-იქით. დღევანდელი 80 ლარი 80 თეთრს უფრო უდრის. ყველაზე ხელწამოსაკრავი, აბუჩადაგდებული პროფესია გახადა მთავრობამ მასწავლებლობა“.

– „დამრიგებლობა, საგნის პედაგოგებს შეთავსებით არ უნდა გვქონდეს! ძალიან დიდია პასუხისმგებლობდა და დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. როცა სკოლაში 20-22 საათი გაქვს და დამატებული 29 მოსწავლე, როგორია ამ ყველაფრის ერთდროულად მაღალ დონეზე შესრულება? დამრიგებელი უნდა იყოს ცალკე შტატი და არა შეთავსებით“.

2018 წლიდან ჩემს საყვარელ სკოლაში ვმუშაობ, ვარ ინგლისური ენის პედაგოგი. უკვე წელს, წარმატებით ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად და უახლოეს მომავალში სტატუსის შეცვლის ბრძანებას ველოდები.

ჟანა ხელაშვილი ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი და ახლა უკვე მე-5 კლასის დამრიგებელია. 2018 წლიდან საყვარელ სკოლაში მუშაობს და წელს ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდაც.

პედაგოგი ამბობს, რომ წლევანდელი წელი მისთვის გამორჩეულია, რადგან პირველად გახდა კლასის ხელმძღვანელი. გვიყვება, რომ კლასის მართვა და თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და სკოლისგან მაქსიმალურ ხელშეწყობას გრძნობს. ჩვენს კითხვაზე, ისურვებდა თუ არა დანამატის გაზრდას, პასუხს საკუთარი დღის რეჟიმის აღწერით იწყებს და ამბობს, რომ იმ შრომაში, რომელსაც დამრიგებლები გასწევენ, ყველა მათგანი იმსახურებს მაღალ ანაზღაურებას. ჟანა დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოხდება.

„წელს, როცა პირველად გავხდი დამრიგებელი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ძალიან აქტიურია. პირველ რიგში, ვმუშაობთ სადამრიგებლო კლასთან პიროვნული აღზრდის საკითხებზე, მოსწავლეებს ვუღრმავებთ ცოდნას ეთიკის, სამოქალაქო განათლების სფეროს, გარემოს დაცვისა და სხვა საზოგადო მნიშვნელობის თემებზე. ვიმუშავებთ მოსწავლეთა ქცევის წესებს, განვიხილავთ სხვადასხვა ქეისებს, ვაწყობთ დისკუსიებს. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი მოვალება არის თითოეული ბავშვთან და მის მშობელთან ინდივიდუალური თანამშრომლობა, მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

„ჩვენი სკოლის დირექტორი გვამარაგებს სხვადასხვა სასწავლო რესურსებით, კომპიუტერული ტექნიკით, პროექტორით სხვა საჭირო საკანცელარიო ნივთებით. ეს ანაზღაურება, 80 ლარი, ცოტაა და ეს ყველამ ვიცით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო ეტაპობრივად გაზრდის დანამატს. თუ დამრიგებლებს დანამატი გაგვეზრდება და სამინისტროც სასწავლო რესურს არ მოგვაკლებს, უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ბავშვებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და სახელმწიფოს იმედი ჩვენ გვაქვს“, – გვეუბნება კლასის დამრიგებელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშება ახალი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა და სხვადასხვა კვალიფიკაციის, სტაჟისა და დატვირთვის მქონე მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად გაანგარიშდა. ხელფასის ზრდა დამრიგებებსაც შეეხოთ, მიუხედვად ანაზღაურების მატებისა, როგორც ხედავთ, დანამატის სახით ხელზე ასაღები 80 ლარი მათთვის გაწეული შრომის შესაბამისი არაა, კითხვაზე პასუხი კი, რაში ხარჯავენ დანამატს, ამ სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს უფრო ნათლად წარმოაჩენს.

ასევე იხილეთ:

რომელ პედაგოგებს მიიღებენ სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის გვერდის ავლით – ბრძანება

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.