ახალი ამბები

სამომავლო ავტორიზაციისთვის 1705 საჯარო და 323 კერძო საბავშვო ბაღი დარეგისტრირდა

სამომავლო ავტორიზაციისთვის 1705 საჯარო და 323 კერძო საბავშვო ბაღი დარეგისტრირდა

2022 წლის 1 ივლისიდან დღემდე 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, სამომავლო ავტორიზაციის მიზნით, პირველადი ელექტრონული სავალდებულო რეგისტრაცია 2028 საჯარო და კერძო საბავშვო ბაღმა გაიარა.

ყველა საჯარო და კერძო ბაღს ჯერ ერთ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევს და შემდეგ ავტორიზაცია – კანონი დამტკიცდა

შესაბამისი კანონი პარლამენტმა დაამტკიცა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს.

“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სულ დარეგისტრირდა 2028 დაწესებულება – 1705 საჯარო და 323 კერძო. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის პირველი ეტაპი საბავშვო ბაღების აღრიცხვა და რეგისტრირება იყო. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა მოქმედი დაწესებულებისთვის რეგისტრაცია იყო სავალდებულო. რეგისტრაციის შედეგად ელექტრონულ ბაზაში აისახა დაწესებულებების მონაცემები: მათი სამართლებრივი ფორმის, საჯარო/კერძო სექტორის მიკუთვნებულობის, დასაქმებული თანამშრომლების სრული რაოდენობის და დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეგიონულ და რაიონულ ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით”, – ვკითხულობთ განათლების ხარისხის ცენტრის მიერ 6 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან, რომელიც სამომავლოდ ბაღების ავტორიზაციის პროცესს წარმართავს, ბაზაში რეგისტრირებული დაწესებულებები მხარდამჭერ სერვისებს მიიღებენ და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სისტემაში შესვლის პროცესი რეგულირებადი გახდება, კერძოდ, ყველა დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მზაობას, დაიწყოს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში, დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას, რაც მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.

“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში:

  • დაინერგება დაწესებულებების რეგულარული, ყოველწლიური თვითშეფასების პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ინსტიტუციის ჭრილში საკუთარი პრობლემებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას და, მეორე მხრივ, სისტემის დონეზე შექმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება საგანმანათლებლო პროცესში მშობლების როლი და ჩართულობა. მშობელთა ჯგუფი იქნება დაწესებულების თვითშეფასების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე და მონაწილე;
  • შეიქმნება მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდი, რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და დაეხმარებიან მათ შემდგომ განვითარებაში;
    შეიქმნება მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული ინფორმაციის ერთიან ფორმატში მოგროვებასა და დამუშავებას;
  • გაძლიერდება დაწესებულებების მართვასა და ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობები, რაც გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან დეცენტრალიზაციას”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.