ახალი ამბები

განათლების მინისტრი მასწავლებელთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს დაზუსტებებისთვის შეხვდა – დეტალები

განათლების მინისტრი მასწავლებელთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს დაზუსტებებისთვის შეხვდა – დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პორტფოლიოს გაუქმების მომხრე მასწავლებლების საორგანიზაციო ჯგუფების წარმომადგენლებს დღეს, 25 აპრილს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული მასწავლებლები აცხადებენ, პორტფოლიოს ნაწილში სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და მათი პასუხი ძალიან მოკლე დროში, ორი დღის ვადაში გაირკვევა.

შეხვედრის მონაწილეთა საუბრიდან ჩანს, რომ სამინისტრო პორტფოლიოს გაუქმებას არ ფიქრობს და ამას მყარი არგუმენტების არარსებობით ხსნის.

პედაგოგების საორგანიზაციო ჯგუფების წარმომადგენლებს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი, ლალი კალანდაძე შეხვდა.

“გვქონდა მცირე დისკუსია. რაღაც ნაწილში მე არ ვეთანხმებოდი და რაღაც ნაწილში თვითონ არ მეთანხმებოდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება რომ მიღებულია, ამას ახლა ვერ ვიტყვი. თუმცა, საუბრიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, შეამცირებენ დოკუმენტაციას და ასევე გაზრდიან წარდგენის ვადებს”, – განაცხადა პედაგოგებისადმი ვიდეო მიმართვისას ერთ-ერთმა საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა და პედაგოგმა, მიკო მიქავამ.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ “სამინისტრო ცდილობს ავად თუ კარგად დაასრულოს ციკლი და სამომავლოდ უფრო დახვეწილი კრიტერიუმები შემოგვთავაზოს”.

“ვფიქრობთ, 2-3 დღეში სამინისტრო უკვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მასწავლებლები გაფიცვებითაც იმუქრებიან და აქვთ დიდი პროტესტი, თუმცა, ამის მიუხედავად, პორტფოლიოს კონკრეტულად გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შეეცდებიან, რომ მასწავლებლები თანაბარ პირობებში იყვნენ და პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ არის საკითხები, რაშიც მინისტრი ამ ეტაპზე ისევ ერკვევა და ცდილობს. თქვა, რომ ორ დღეში ჩამოყალიბდებიან რას გააკეთებენ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს შეხვედრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა მასწავლებელმა, თამარ ცანავამ.

“ჩვენ თუ არ ვიქნებით ერთსულოვანნი, ისინიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც უფრო აწყობთ”, – ამბობენ შეხვედრიდან გამოსული საორგანიზაციო ჯგუფების წევრი პედაგოგები.

ამავე თემაზე:

„პატივცემულო მინისტრო!“ – მასწავლებლის წერილი-შეთავაზება განათლების მინისტრს

„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.