ახალი ამბები

მინისტრმა ამილახვარმა უპასუხოდ დატოვა კითხვა თავისი შვილების კერძო სასკოლო განათლებაზე

მინისტრმა ამილახვარმა უპასუხოდ დატოვა კითხვა თავისი შვილების კერძო სასკოლო განათლებაზე

დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თინა ბოკუჩავამ, საქართველოს განათლების მინისტრს შვილების განათლებაზე დახარჯული თანხა შეახსენა. ბოკუჩავამ გიორგი ამილახვარს მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამის კონტექსტში  ჰკითხა, მისი ან მმართველი პარტიის სხვა რომელიმე დეპუტატის შვილები თუ დადიან საჯარო სკოლაში. მინისტრმა დეპუტატის ეს კითხვა გააკრიტიკა.

ამილახვრის ბოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა ოჯახმა, ჯამში, 40 000 ლარამდე დახარჯა შვილების განათლებაზე.

“მინდა თქვენ გკითხოთ, თქვენი შვილები საჯარო სკოლებში დადიან?

…მინდა გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ და სრულიად აღშფოთებული: მაშინ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ იმ პროგრამის განხორციელების საშუალება და [მისი] ინფრასტრუქტურული მზაობა საჯარო სკოლებში არ არსებობს, თქვენ პირადად, თქვენი დეკლარაციის მიხედვით, 40 ათას ლარზე მეტს ხარჯავთ წელიწადში ბავშვების განათლებაზე.

[ეს] ძალიან კარგია და ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ამის საშუალება, მაგრამ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილობენ საგაკვეთილო სკოლაზე, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. მაინტერესებს, ან აქ მსხდომი უმრავლესობის წევრების შვილები თუ დადიან საჯარო სკოლებში… ან შვილებს ვკითხოთ, მათ სურთ უფასო კვება სასწავლო პროცესის დროს? დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი და თქვენი შვილების უმრავლესობა ვინც საჯარო სკოლებში დადის, ყველა ბავშვს სურს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სკოლაში იყოს უფასო კვება”, — თქვა ბოკუჩავამ.

საპასუხოდ, განათლების მინისტრმა დეპუტატი გააკრიტიკა და კითხვა უპასუხოდ დატოვა:

“ქალბატონ თინას რა ვუპასუხოთ, სად არის, ან რა ილაპარაკა? ან თვითონ იცის, რა ილაპარაკა? არ ვიცი, როდის გაახსენდა სასკოლო კვება ან სკოლა როდის გაახსენდა. გაერთიანდნენ ქალბატონი თინა და ჩვენი ხაბე [ლევან ხაბეიშვილი რედ.], როგორც მას ირაკლი ზარქუა ეძახის. რა იყოს ახლა ეს?!.. ან ინტერპელაციის პირობებში ჯდება ეს, ან რაღაცა სტატისტიკოსი რომ გახდა და დეკლარაციებს არჩევს…

რა შუაშია აქ შვილები, რა შუაშია აქ ბავშვები, როდესაც ვლაპარაკობთ საჭირბოროტო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე? რომელიმეს მოგეწონათ “ნაციონალური მოძრაობიდან” მისი გამოსვლა? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ხომ არ იტყვით? ამიტომ ამას უპასუხოდ დავტოვებ”.

სკოლებში უფასო კვების საკითხი

დღეს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა განათლების ახლად დანიშნული მინისტრი – გიორგი ამილახვარი. მთავარი კითხვა, რომელიც მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუსვეს სკოლაში უფასო კვების პროგრამას ეხებოდა.

საქართველოს მთავრობა, უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც სკოლაში კვების პროგრამაზე მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინერგება სკოლებში აღნიშნული პროგრამა.

ამილახვარი პარლამენტში ინტერპელაციის ფარგლებში მივიდა – ის ოპოზიციის დეპუტატებმა მიიწვიეს სკოლაში კვების პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებზე საპასუხოდ.

UNICEF-ის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება. ამილახვარმა თქვა, რომ ამ 35%-ში შემავალი მოქალაქეების მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის, 27% ამბობს, რომ არ სურს სკოლაში ჭამა, რადგან არ მოსწონს საკვები და მხოლოდ 20% ასახელებს მიზეზად ფინანსების არარსებობას.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სკოლებში კვების პროგრამის დასანერგად ინტენსიურად მუშაობს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა.

გამოსვლისას მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ უფასო კვება კომპლექსური საკითხია და მიემართება, მათ შორის, სკოლებში ინფრასტრუქტურის არარსებობის საკითხს.

ვრცლად ამ თემაზე:

როდის დაინერგება სასკოლო კვება – მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.