ვაშაძის თქმით, ენმ-სთან შექმნილ ალიანსში ელიან ინდივიდებს და არა პოლიტიკურ პარტიებს
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც მისი პარტიისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” შედგება, ელიან ინდივიდებს და არა პარტიებს. ამის შესახებ მან დღეს, 21 ივლისს “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მან თავდაპირველად აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება და ელიან ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ქვეყნის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანა სურს, თუმცა ნაკლებად იმუშავებენ პოლიტიკური პარტიების შემოერთებაზე:
“პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პლატფორმაზე ნაკლებად გვექნება მუშაობა იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ვიმუშაოთ შემოერთებაზე. პირიქით ვამბობთ, რომ კარგი იქნება მოხდეს სხვა კონსოლიდაციებიც პროდასავლურ ფლანგზე”, — განაცხადა ვაშაძემ.
შემდეგ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, როგორ უნდა შეუერთდნენ ახალ პლატფორმას სხვა პარტიები, მან თქვა, რომ ელიან არა პარტიების, არამედ ინდივიდების შეერთებას:
“[უნდა შემოგვიერთდნენ] ინდივიდები. პარტიებზე ვთლით, რომ თუ ისინი შეძლებენ კონსოლიდაციებს ჩვენს მიღმა, ეს არის კარგი. ამიტომ, რადგან ეს დიდი პლატფორმაა, რომელსაც პირველ ადგილზე გასვლაზე აქვს პრეტენზია და ამბიცია, ამიტომ ჩვენ ვესაუბრებით იმ ინდივიდებს, ექსპერტული საზოგადოებიდან, აქტიური ადამიანებიდან, ახალგაზრდებიდან, უფროსებიდან, ყველა თაობის პატრიოტ ადამიანს, კარი ღიაა, მოდით და ერთად ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პროდუქტი”, — განმარტა მან.
შეკითხვაზე, რატომ არ სურთ სხვა პარტიებთან გაწევრიანება, ვაშაძემ უპასუხა, რომ მათ იციან სხვა პარტიების პოზიციები, ამასთან, მათ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე “სტრატეგია აღმაშენებელმა” დაინახა, რომ ყველაზე კარგად დიდი პლატფორმის შექმნა სწორედ ენმ-სთან შეუძლია.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ალიანსი შექმნეს. ალიანსის პრეზენტაცია 20 ივლისს გაიმართა, რომელზეც პარტიების ლიდერებმა გაერთიანებაზე ისაუბრეს.
“დღეს ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად, ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდება საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, “გამარჯვების პლატფორმა” არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება:
“უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის, ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში”.
ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ხუთსაბათს განაცხადა, რომ მათ პლატფორმაზე ელოდებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ “დროა” და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ არ უერთდებიან ენმ-ის ალიანსს.