ახალი ამბები

იგორ სტრელკოვის გზა – დონბასიდან ციხემდე

იგორ სტრელკოვის გზა – დონბასიდან ციხემდე

21 ივლისს რუსეთში დააკავეს იგორ სტრელკოვი [მისი ნამდვილი გვარი გირკინია] – ამ დრომდე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თითქმის ერთადერთი საჯარო კრიტიკოსი, რომელიც თავისუფალი იყო. თუმცა, სტრელკოვი არაა ჩვეულებრივი რუსი ოპოზიციონერი – იგი მიეკუთვნება ე.წ. „ომის პარტიას, ხოლო მისი პრეტენზიები პუტინისადმი არა უკრაინაში ომის დაწყებაში, ან დანაშაულების ჩადენაში, არამედ ამ ომის „უნიჭოდ“ წარმოებაში მდგომარეობს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილი თანამშრომლის ფიგურა 2014 წელს გახდა ფართოდ ცნობილი – უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტთა შორის ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი იყო. უფრო მეტიც – სტრელკოვი ირწმუნება, რომ სწორედ მან გამოჰკრა თითი დონბასში ომის დაწყების სასხლეტს. ამავე პერიოდში, სეპარატისტებმა ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ყველა მგზავრიც დაიღუპა. ამ საქმეზე სტრელკოვს ნიდერლანდებში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

რუსეთის მარიონეტულ, დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრად მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ მან უკრაინა დატოვა და რუსეთში გადავიდა. ომის დაწყებამდე დიდად აქტიური და პოპულარული არ იყო, თუმცა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ სტრელკოვის ფიგურა გააცოცხლა – ერთი წლის განმავლობაში იგი პუტინისთვის კრიტიკას არ იშურებდა და მას გადადგომისკენაც მოუწოდებდა, ომის „უნიჭოდ“ წარმოებასა და სხვა ჩავარდნების გამო.

არსებული ინფორმაციით, სტრელკოვს გამოძიება „ექსტრემიზმს“ ედავება. საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც კრემლთან დაახლოებული წყაროები ეუბნებიან „მედუზას“, მისი საქმის ინიციატორები მაღალჩინოსანი ძალოვნები არიან. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, სტრელკოვს პატიმრობა არ მიუსაჯონ.

დნესტრისპირეთიდან დონბასამდე

დონბასი [ასე უწოდებენ უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებს] სტრელკოვისთვის პირველი ომი არ გამხდარა. მან სეპარატისტების მხარეს ჯერ კიდევ დნესტრისპირეთში, 1992 წელს იბრძოლა. შემდეგ მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთისა და იუგოსლავიის ომებშიც. საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გარდა, ის რუსეთის უშიშროებაშიც მსახურობდა – ფსბ-ს რიგები მან 2013 წელს, პოლკოვნიკის ჩინით დატოვა.

თუმცა, სწორედ დონბასი და იქ გატარებულმა რამდენიმე თვემ გახადა სტრელკოვი ცნობად ფიგურად. თუკი სტრელკოვს დავუჯერებთ, სწორედ მისი დანაყოფის ქმედებებმა გააჩაღა კონფლიქტი დონბასში:

„ომის [დაწყების] სასხლეტს თითი, მაინც, მე გამოვკარი… ჯერაც მიმდინარე ომის ბორბალი ჩვენმა დანაყოფმა დააგორა“, – ამბობდა იგი 2014 წლის შემოდგომაზე.

ომში უშუალო მონაწილეობა მან მხოლოდ რამდენიმე თვით მიიღო, მაგრამ მის სახელთან არაერთი დანაშაულია დაკავშირებული – ნიდერლანდებში მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით [ხომალდის 298-ვე მგზავრი დაიღუპა]. ამ ბრალდებს იგი უარყოფს. სამხედრო დანაშაულებში სტრელკოვს უკრაინაც სდებს ბრალს, რასაც სტრელკოვი არც უარყოფს – უფრო მეტიც, საჯაროდ აცხადებს, რომ სულ მცირე ოთხი უკრაინელი სამხედროს დახვრეტის ბრძანება გასცა.

რამდენიმე დაჰყო სტრელკოვმა დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრის პოსტზეც, რომელიც 2014 წლის აგვისტოში დატოვა – „მედუზას“ კრემლთან დაახლოებული წყაროების ვერსიით, უშიშროების ფედერალურ სამსახურში იგი ზედმეტად „უმართავად“ ჩათვალეს. თუმცა, თავად სტრელკოვი ადანაშაულებს ვლადისლავ სურკოვს – პუტინის აპარატის თანამშრომელს, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს კურირებდა.

დონბასიდან პუტინის კრიტიკამდე

„სახალხო რესპუბლიკის“ დატოვების შემდეგ სტრელკოვმა შეინარჩუნა აქტივობა საჯარო სივრცეში. იგი ვეღარ იქცევდა ადრეულ ყურადღებას, თუმცა აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა კრემლის ოფიციალურ ხაზს – მაგალითად, 2015 წელს ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მართლაც აწარმოებს საბრძოლო ქმედებებს, ხოლო „სახალხო რესპუბლიკები“ მხოლოდ შირმაა. მაშინ მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა მონაწილეობას კონფლიქტში.

იყო საუბრებიც მის პოლიტიკაში მოსვლაზეც, თუმცა საბოლოო ჯამში იგი მაინც კომენტატორად და ბლოგერად დარჩა. ხელისუფლების, თუმცა არა პირადად პუტინის კრიტიკა სტრელკოვმა ცნობადობის მოპოვებიდან მალევე დაეწყო, ნელ-ნელა კი თავად რუსეთის პრეზიდენტზეც გადაერთო – 2020-ში განაცხადა, რომ „პუტინის გუნდს მხოლოდ [ფულის] მოპარვა შეუძლია“, ხოლო თავად პუტინი „დამნაშავეზე უარესია“.

სტრელკოვის „მეორე სიცოცხლე“ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ ომს, როგორც ასეთს, იგი ემხრობა, მაგრამ უკმაყოფილოა რუსეთის ხელისუფლებით და პირადად უმაღლესი მთავარსარდლით, რომლებიც, მისი გადმოსახედიდან, არასაკმარისად კარგად ებრძვიან სახელმწიფოს, რომელსაც „არ აქვს არსებობის უფლება“.

ფრონტზე კრემლისთვის არასახარბიელო ვითარების კიდევ უფრო გაუარესებასთან ერთად, სტრელკოვი სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებდა პუტინს – მიიჩნევდა რა, რომ ფრონტზე „დამამცირებელ“ ვითარებაზე უპირველეს ყოვლისა პუტინია პასუხისმგებელი.

„23 წელია ქვეყნის სათავეშია არარაობა, რომელმაც მოახერხა დაებრმავებინა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. […] ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ამ მშიშარასა და უუნაროს ხელისუფლების კიდევ ექვს წელს“, – ამბობდა იგი.

საბოლოო ჯამში, 21 ივლისს სტრელკოვი დააკავეს – იგი „ექსტრემიზმშია“ ეჭვმიტანილი. კრემლი სსკ-ის ამ მუხლს ხშირად იყენებს არასასურველი პირების ხანგრძლივად დასაპატიმრებლად. ადვოკატის თქმით, დაკავების ფორმალური საბაბი სტრელკოვის ორი პოსტი გახდა – რუსეთის მიერ ყირიმის შესაძლო დათმობასა და სამხედროებისთვის ხელფასის არგადახდაზე.

კრემლთან დაახლოებული წყაროები „მედუზასთან“ სტრელკოვის დაკავებას „ლოგიკურად“ მიიჩნევენ:

„[იგი] საკმაო ხანია აკრიტიკებს ყველას, პრეზიდენტს, თავდაცვის სამინისტროს, პრიგოჟინს… [..] [სტრელკოვი] ადრე თუ გვიან უნდა დაეკავებინათ. იგი საჭირო იყო დონბასის ისტორიის დასაწყისში. შემდეგ კი აღარ. შეხედულებების ზედმეტად ერთგული ადამიანია“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.