მედვედევის თქმით, ქართული კულტურა მსოფლიოში რუსულის ნაწილად აღიქმება
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უერთიერთობები მალე აღდგება. თუმცა ის აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გაიაზროს რეალობა და დაიწყოს მოლაპარაკებები ცხინვალთან და სოხუმთან, როგორც თანასწორუფლებიან სახელმწიფოებთან.
მედვედევმა ტასთან ინტერვიუში ქართულ კულტურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას პატივს სცემს. მედვედევი ამბობს იმასაც, რომ ქართული კულტურა მსოფლიოში რუსული კულტურის ნაწილად აღიქმება.
“უძველესი ხახლია, უძველესი კულტურაა. მაქსიმალურად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენთან ძალიან ახლოს არიან, რადგან ბევრი წელია მეზობლად ვცხოვრობთ. მათ ჩვენს ქვეყანაში დიდი დიასპორა აქვთ. და ყველაფერი რაც დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან, აღქმულია როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი.
თუ ინტერნეტში მოძებნით მწვადს ან სხვა რაიმეს, ქვეყნების უმეტესობაში ეს აღიქმება არა როგორც კავკასიური, არამედ რუსული სამზარეულოს ნაწილად”, – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ სამზარეულო მხოლოდ ერთი მაგალითია და იგივე ეხება სხვა სფეროებსაც.
2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა და ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთის პრეზიდენტი სწორედ მედვედევი იყო.