ახალი ამბები

რისთვის იყენებდნენ ოჩამჩირის პორტს, სადაც რუსეთს საზღვაო ფლოტის განთავსება სურს

რისთვის იყენებდნენ ოჩამჩირის პორტს, სადაც რუსეთს საზღვაო ფლოტის განთავსება სურს

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთხ ოქტომბერს გამოაცხადა, რაც საქართველოში „საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობად“, „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციად“ და მოსკოვის პოლიტიკურ განაცხადად შეაფასეს.

მართალია, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, – კრემლში სულაც უარი განაცხადეს საკითხზე დამატებითი კომენტარისგან, – მაგრამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების იდეა ახალი არ არის.

ვაჭრობიდან სამხედრო დანიშნულებამდე

პორტი ოჩამჩირეში 1933-35 წლებში, საბჭოთა დროს ააშენეს და სავაჭრო მიზნებისთვის იყენებდნენ – ახლომდებარე რეგიონებში მოპოვებული ქვანახშირის ექსპორტისთვის. თუმცა მალევე, ფოთის პორტის აშენების შემდეგ, პორტში სავაჭრო გემების ნაცვლად მცირე ზომის სამხედრო გემები განათავსეს – მაშინდელი შინსახკომის სასაზღვრო-სადარაჯო გემების მეექვსე ბრიგადა.

1980-იან წლებში იგეგმებოდა სამუშაოები, რომლითაც პორტი გაფართოვდებოდა და უფრო დიდი გემების მიღებას შეძლებდა, თუმცა სსრკ-ს დაშლის გამო გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა.

აფხაზეთის ომის შემდეგ პორტში კვლავაც რჩებოდნენ რუსული საზღვაო ძალების გემები, თუმცა 1996 წელს ისინი  კასპიისკში გადაიყვანეს.

ისტორია მეორდება?

„პრინციპული გადაწყვეტილება ოჩამჩირეში [რუსეთის] შავი ზღვის ფლოტის ბაზირების პუნქტზე მიღებულია. წელს დავიწყებთ პრაქტიკულ, მათ შორის, ღრმაწყლოვან სამუშაოებს აფხაზეთის სანაპიროზე. ყველა სამუშაოს ჩატარებას არაერთი წელი დასჭირდება. ახლა ვათანხმებთ ამ საკითხის დეტალებს აფხაზურ მხარესთან“, – 2009 წელს ასეთი განცხადება რუსეთის შავი ზღვის შტაბის წარმომადგენელმა გააკეთა.

რუსული მედიის ცნობით, სამუშაოები მართლაც ჩატარდა. „კრასნაია ვესნას“ ცნობით, იმავე წელს პორტის სიღრმე 3.8 მეტრიდან 9 მეტრამდე გაიზარდა. შედეგად, პორტს შეეძლო მიეღო ხომალდები 10 ათასი ტონის წყალწყვით. თუმცა რუსული შავი ზღვის ფლოტის გემები იქ მაინც არ განუთავსებიათ. 2022 წელს, დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას განცხადებით, დამატებითი სამუშაოების შედეგად პორტის შესაძლებლობები გაიზარდა.

კერძოდ, პორტს, დე ფაქტო სოხუმის მტკიცებით, შეეძლო 13 ათასი ტონის წყალწყვის მქონე გემების მიღება, ხოლო პორტში სულ არის სამი ნავსაბელი, რომელთა საერთო სიგრძეც შეადგენს 427.6 მეტრს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯამურად პორტს „რამდენიმე გემის“ მიღება შეუძლია.

2017 წელს ოჩამჩირის პორტმა სამხედრო დანიშნულება დაიბრუნა, მაგრამ მასში მხოლოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] სარადარო გემები განათავსეს. თეორიულად, შავი ზღვის ფლოტის ზოგ ხომალდს შეუძლია ოჩამჩირეში შესვლა, თუმცა პორტი არასაკმარისი ზომისაა მრავალი გემის ერთდროულად მისაღებად, მით უმეტეს, რომ მას მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ.


მთავარ ფოტოზე: ფსბ-ს სადარაჯო გემი სანქტ-პეტერბურგში. ფოტო: © Wikipedia Commons

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.