აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი | შედეგები
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რიგით მე-6 სამიტი გაიმართა.
სამიტში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ლიდერები მონაწილეობდნენ. სამიტში არ მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 წევრი ქვეყანა — ბელარუსი, რომელმაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ EaP-ის წევრობა შეაჩერა.
„როცა ვლაპარაკობ ჩვენი პარნტიორობის მომავალზე, დიახ, იყო ცარიელი სკამი [ბელარუსი] და იმედი მაქვს, ეს სკამი მალე შეივსება ბელარუსის სამართლიანად არჩეული ლიდერით. ხუთივე პარტnიორთან ერთხმაd დავგმეთ ლუკაშენკოს საქციელი [მიგრანტების იარაღად გამოყენების ნაწილში], ასევე, გამოვხატეთ შეშფოთება რუსეთის ქმედებების გამო უკრაინის საზღვართან. ევროკაშირი უპასუხებს მტკიცედ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ვისაუბრეთ ერთობლივ ბრძოლაზე კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ”, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ევროკავშირი დამატებით გადასცემს ვაქცინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ბელარუსის ჩათვლით.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მეტი ინტეგრაციის მზაობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ “ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. ორივეს აქვს დიდი შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული”.
სამიტზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წელს განახლებული დღის წესრიგი, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეხება და მიზნად ისახავს პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას არსებული და მომავალი გამოწვევების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და მათთან გამკლავების შესაძლებლობების გაძლიერებაში. ეს ითვალისწინებს 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, გრანტების, შერეული დაფინანსებისა და გარანტიების სახით, რომელსაც 17 მილიარდ ევრომდე მოცულობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული დღის წესრიგი უფრო ენერგოეფექტურს გახდის მოლდოვას, განავითარებს ფართოზოლოვან ინტერნეტს საქართველოში და ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელს შავი ზღვის რეგიონში.
სამიტის დეკლარაცია
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიღეს 20-პუნქტიანი დეკლარაცია.
დეკლარაცია ადასტურებს ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და შორსმიმავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებზე და ინტერესებზე, მრავალფეროვნებაზე, დიფერენციაციაზე და საერთო პასუხისმგებლობებზე.
„ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, უმცირესობების უფლებების ჩათვლით, მრავალფეროვანი საზოგადოებების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი სრული პატივისცემა ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედი და ყველა პრიორიტეტულ სფეროში თანამშრომლობის საძირკველია. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას მისი პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკედებლობის და სუვერენიტეტის მიმართ“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში, გამოთქმულია შეშფოთება ძალადობის ფაქტებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევების გამო რეგიონის ბევრ ნაწილში და მხარდაჭერილია განახლებულ ძალისხმევას გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.
ევროკავშირის ადასტურებს ყველა პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ამბიციების და მიზნების ის დონე, რომელსაც ესწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე, ხაზს უსვამს, რომ კონსტრუქციული პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
დოკუმენტში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი და გაღრმავებული თანამშრომლობა დასახელებულია პროგრესისა და ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებელ პირობად და და ნათქვამია, რომ პირობითობა და სტიმულზე დაფუძნებული მიდგომა (“მეტი — მეტისთვის”, “ნაკლები — ნაკლებისთვის”) მეტ სარგებელს მოუტანს იმ ქვეყნებს, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართული რეფორმების იმპლემენტაციაში.
ბრიუსელის სამიტის ტექსტი, ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნების ევროპული მისწრაფებებთან დაკავშირებით იმეორებს წინა დოკუმენტების ფორმულირებას და კვლავ არ ითვალისწინებს მათთვის ე.წ. ევროპული პერსპექტივის (წევრობის დაპირება) მინიჭებას.
„ვაცნობიერებთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებში არის განსაზღვრული. შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაცია მიესალმება აქამდე მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს ასოცირების შეთანხმებების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით) სრული იმპლემენტაციისკენ.
საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ ინიცირებულ ტრიოს ფორმატთან დაკავშირებით დეკლარაციაში ვკითხულობთ:
“დიფერენციაციის და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების — საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის — ტრიოს ინიციატივას ევროკავშირთან, რათა გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და დადებითად ეხმაურება მათ გაძლიერბეულ კოორდინაციას ერთმანეთში საერთო ინტერესებზე, რომლებიც უკავშირდება ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს იმპლემენტაციას და თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით”.
დეკლარაციაში ხაზგასმულია კანონის უზენაესობის და გამჭვირვალე საჯაო ადმინისტრირების მნიშვნელობა.
“მედეგობის განსამტკიცებლად ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირებაზე მთავრობის ყველა დონეზე, კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ისევე როგორც კიბერუსაფრთხოების ზრდაზე”, — ნათქვამია დეკლარაციაში.
ევროკავშირი მზადაა, განავითაროს აღმოსავლეთ პარტნიორობა ახალი დღის წესრიგით 2020 წლის შემდეგ და მიმდინარე წლის ივლისში დამტკიცებული პერსონალის ერთობლივი სამუშაო დოკუმენტის: აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები მიხედვით. დოკუმენტი ორ პრინციპს ეყრდნობა: ინვესტიციები – რომელსაც მხარს დაუჭერს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტების, შერეული რესურსების და გარანტიების სახით. EU-ს გათვლით, ამ გეგმას აქვს 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალი. გეგმა შეიცავს საფლაგმანო ინიციატივების ნაკრებს თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის და მმართველობის პრინციპს, რომელიც უნდა იყოს მდგრადი ინვესტიციების საფუძველი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი 2023 წელს არის დაანონსებული.