„ალტე უნივერსიტეტის“ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა
„ალტე უნივერსიტეტის“ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სრული 7 წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა.
პროგრამული აკრედიტაცია გულისხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროგრამის შეფასებას. იგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ამ პროცესს ყველა აკრედიტებული პროგრამა ეტაპობრივად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ვადების მიხედვით გადის. აკრედიტაციის მინიჭებით დასტურდება დაწესებულების მზაობა და პოტენციალი ჰქონდეს კონკურენტუნარიანი აკადემიური პროგრამა, რომელიც თითოეულ სტუდენტს მისცემს წარმატებისა და წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
„ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ხედვა და ხელწერა, რაზეც ჩვენი საბაკალავრო პროგრამა დიდ ყურადღებას ამახვილებს. სწორედ ამიტომ, სტუდენტებს ვთავაზობთ ისეთ სასწავლო კურსებს, რაც მომავალ ჟურნალისტებს განუვითარებს შემოქმედებით, პროფესიულ და კრიტიკული აზროვნების უნარებს. ბოლო წლების განმავლობაში, უნივერსიტეტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სტუდენტების პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, პრაქტიკოსი ლექტორების სასწავლო პროცესში ჩართვასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. მოხარული ვარ, რომ პროგრამამ და მასში შემავალმა ყველა კომპონენტმა უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწონება დაიმსახურა. სრული 7 წლიანი აკრედიტაციის მინიჭებით დასტურდება პროგრამის შესაბამისობა როგორც მოქმედ საკანონმდებლო, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.“ – აღნიშნა პროფ. ქეთევან ცხადაძემ, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა.
შეგახსენებთ, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება და იგი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ აკადემიურ პროგრამას წარმოადგენს.
ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები