დონბასის ლიდერი არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს – RIA
თვითგამოცხადებული დონეცკის ეროვნული რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალება RIA ავრცელებს.
უკრაინის სეპარატისტული რეგიონის ლიდერის თქმით, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს, „კიევი დონბასის რეგიონში, ე.წ. შეხების წერტილთან განაგრძობ მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული მძიმე შეიარაღების მობილიზებას, ასევე იზრდება უცხოელი ინსტრუქტორების რაოდენობა.”
როგორც პუშილინი ამბობს, თვითგამოცხადებული დონეცკის დაზვერვის ინფორმაციით, რეგიონში ჩადიან ამერიკელი და პოლონელი დაქირავებული მებრძოლები.
„მათი რიცხვი საშიში ხდება, ეს არ არის ათეულობით, არამედ ასეულობითაა“ — ციტირებს RIA პუშილინს.
„ასეთ ვითარებაში იძულებული ვართ, ნებისმიერ წუთს ვიყოთ მზად, რომ უკრაინა გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავა. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინას დასავლეთმა ასეულობით ტონა შეიარაღება მიაწოდა. გარდა ამისა, დაქირავებული მებრძოლები და ინსტრუქტორები ქმნიან დამატებით საფრთხეს. პლუს ამას, უპილოტო საფრენი ლეტალური აპარატების რაოდენობის ზრდა ასევე ზრდის საფრთხეს. შესაბამისად, ვითარება რთულია.
ჩვენი დანაყოფების მებრძოლი სული და მოტივაცია მიუთითებს, რომ მზად ვართ დავიცვათ დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობა. რასაკვირველია, ეს იოლი არ იქნება. ასევე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ იძულებული გავხდეთ, დახმარებისთვის მივმართოთ რუსეთის ფედერაციას“, — თქვა რუსული ტელეარხის, Russia 24-ის ეთერში დენის პუშილინმა.
11 იანვარს ამერიკულმა მედიამ აშშ-ის ხელისუფლების ახალ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე შეიჭრება.
თეთრმა სახლმა აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ, 48 საათში დატოვებისკენ მოუწოდა. მსგავსი მოწოდება გაავრცელეს დიდმა ბრიტანეთმა, ლატვიამ, ისრაელმა, იაპონიამ და ა.შ.