„სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ – წიგნის პრეზენტაცია
9 ნოემბერს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფონდი „აი ია“ გამართავს ელექტრონული წიგნის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ პრეზენტაციას.
წიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო, ტექნიკური და ფსიქოსაგანმანათლებლო მეთოდები, მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებათა შესახებ, განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი.
პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორის, ინა კოროლიოვას წიგნის ქართული თარგმანი ფონდის „აი ია“ აუდიოვერბალურ თერაპევტ თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.
წიგნზე ასევე იმუშავეს კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა, მაკ ჯორჯიას პროგრამის „მშობლის სკივრი“ ხელმძღვანელმა, და ნინო ლომიძემ, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსში ინტეგრირდა და ილიაუნის ბიბლიოთეკას გადაეცა.
პრეზენტაციაზე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები და საკითხით დაინტერესებული პირები სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა გარშემო არსებულ სისტემურ გამოწვევებსა და რესურსებზე ისაუბრებენ.
სახელმძღვანელო შეიქმნა მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის“ ფარგლებში.
პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, საინვესტიციო ჰოლდინგის, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ფონდი. პროექტის პარტნიორია კომპანია „კინდსმენა“.