ადმინისტრაცია: პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ „მორიგი ცილისმწამებლური“ კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 24 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.
„ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინინსტრაციის განცხადებაში.
რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა, ადმინისტრაცია მათ წარდგენას იმით ხსნის, რომ „საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია“.
„ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
22 სექტმებერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.
მანამდე, 19 სექტემბერს ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ ელოდებოდა იუსტიციის სამინსიტროს დასკვნას ფარცხალაძის მოქალაქეობის შესახებ, რომლის მიღებისთანავეც შეუწყვეტდა მას მოქალაქეობას.
აღნიშნული დასკვნა იუსტიციის სამინისტრომ მეორე დღეს, 20 სექტემბერს გაუგზავნა პრეზიდენტს, თუმცა ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღე არ იყო ცნობილი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, 21 სექტემბერს, პარლამენტმა 2 ახალი წევრი — ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი — აირჩია.
ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა 21 სექტემბერს, საკომიტეტო განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად მან ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.
მართალია, კომიტეტზე მმართველმა გუნდმა აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა, მათი თქმით, საბოლოო ჯამში კანდიდატურების ჩაგდებას, შესაძლოა, კრიზისი შეექმნა ეროვნულ ბანკში, ვინაიდან წინა დღეს საბჭოს სამი წევრი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა.
ამ ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა, რომ პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი.
გაიგეთ მეტი ამ ამბავზე: